ახალი ამბები

ადვოკატთა ასოციაცია მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიულ კონსულტაციებს გასცემს

28-29 მარტს 11:00-იდან 16:00 საათამდე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პირველი იურიდიული პრო ბონო ფორუმი ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის ფარგლებში, ადვოკატები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიულ კონსულტაციებს გასცემენ. ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, კონსულტაციის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

„კონსულტაციები გაიცემა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლის, შრომის, საოჯახო და სამეწარმეო სამართლის საკითხებზე, ასევე, უძრავ ქონებასთან, მემკვიდრეობასთან, ხელშეკრულებებთან და სხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაცემის პროცესში 50-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის ადვოკატი იქნება ჩართული, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს ერთ სივრცეში მიიღონ სამართლებრივი რჩევა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაცია.

პროექტი ასოციაციის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ხორციელდება და მისი მიზანია მოქალაქეებისთვის იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა, საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და ადვოკატთა პროფესიის სოციალური როლის გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში სამი ფორუმი ჩატარდება, მათ შორის ერთი აჭარის რეგიონში.

ფორუმი Expertise France-თან თანამშრომლობით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში” მხარდაჭერით ხორციელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.