„მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის ძირითადი განაკვეთის გასამმაგებული განაკვეთია განსაზღვრული“ – პარლამენტმა ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი
პარლამენტმა 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ინიციატივას პირველი მოსმენით, 81-ხმით (4 წინააღმდეგი) მხარი დაუჭირა.
„საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის – 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, უქმდება „საგადასახადო კოდექსის“ გრაფა, რომლითაც ავტომობილზე აქციზის მოქმედი განაკვეთებია დადგენილი. საგადასახადო კანონმდებლობას ახალი მუხლები ემატება, რომელიც ძირითადი განაკვეთისგან განსხვავებულ სპეციალურ განაკვეთებს ადგენს.
უფრო დეტალურად, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის შენარჩუნებულია შეღავათიანი – ძირითადი განაკვეთის 60 პროცენტით შემცირებული განაკვეთი, ხოლო მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისათვის განსაზღვრულია ძირითადი განაკვეთის გასამმაგებული განაკვეთი.
„კანონპროექტის გარდამავალი დებულებები ითვალისწინებს აქციზის ახალი კანონის ამოქმედებამდე, მოქმედი განაკვეთებით იმპორტის საბაჟო პროცედურაში იმ ავტომობილის მოქცევას, რომელიც შემოყვანილია საქართველოში 2026 წლის 1-ელ აპრილამდე ან რომლის საქართველოში შემოყვანის მიზნით უცხო ქვეყანაში ტრანსპორტირება დაწყებულია 1-ელ აპრილამდე. ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები გავრცელდება ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კლასიკური ავტომობილების ასაკობრივი კრიტერიუმები იცვლება
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ განაცხადა, ცვლილება შედის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონშიც, რომლის თანახმად, იცვლება კლასიკურ ავტომობილად მიჩნევის კრიტერიუმი – ასაკობრივი ზღვარი.
ახალი რეგულაციის თანახმად, კლასიკურ ავტომობილად ჩაითვლება ავტომობილი, რომლის წლოვანება 30 წელს აღემატება, ნაცვლად მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული 40 წლისა.

