ევროპარლამენტმა საქართველოში პოლიტპატიმრებზე რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიას და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას.
რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ დღეს 438 ხმით მიიღეს, 37-ის წინააღმდეგ.
კერძოდ, რეზოლუცია მოითხოვს ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზებით ან მათი ფუნდამენტური უფლებების მშვიდობიანი განხორციელებისთვის დაკავებული სხვა პირების გათავისუფლებას.
მოითხოვს დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის ბრალდებებთან დაკავშირებით, ასევე სანდო ცნობებს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.
რეზოლუცია მკაცრად გმობს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების გაგრძელებას, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და თრგუნავს პოლიტიკურ აქტივობას, სამოქალაქო პროტესტებსა და განსხვავებულ აზრს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს შემზღუდავი კანონები, შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის გამოყენება პოლიტიკური რეპრესიებისთვის და უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა და სათანადო პროცესი.
მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე ევროკავშირის მასშტაბით ვიზების გაცემის აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და მისი ხელშემწყობი პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებზე, სისხლისსამართლებრივ დევნასა და ძალადობაზე.

