2027 წლის 1 თებერვლიდან პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება და გაყიდვა იკრძალება
საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო დადგენილება „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“.
დადგენილება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოების (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტისა და ბაზარზე განთავსების ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს.
კერძოდ, 2026 წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აეკრძალებათ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებში სასმელების მიწოდება. ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება.
დადგენილებით განსაზღვრულია გამონაკლისებიც. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე, მათ შორის არალკოჰოლურ და ალკოჰოლურ სასმელებზე. გამონაკლისი შეეხება ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებისთვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებას.
მთავრობის განმარტებით, რეგულაციის მიზანი გარემოზე პლასტმასის ნარჩენების ნეგატიური ზემოქმედების შემცირებაა.
როგორც დადგენილების განმარტებაშია აღნიშნული, პლასტმასის ნაწარმის დაშლის პროცესი ასეულობით წელს გრძელდება, რის შედეგადაც ნარჩენები გროვდება ნიადაგში, წყალსატევებსა და ზღვებში, აზიანებს სანიტარულ სისტემებს და ამცირებს ნიადაგის ნაყოფიერებას.
ქვეყანაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88% პლასტმასს წარმოადგენს, საიდანაც ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე დიდი ნაწილი მოდის. მათ შორის, პლასტმასის ბოთლების წილი დაახლოებით 41%-ია.

