ახალი ამბები

მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები – აუდიტი

„მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული 16 ერთეული არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, რომლის საერთო ფართობიც 558.2 ათასი კვ.მ. შეადგენს, არაუფლებამოსილი პირები სარგებლობენ,“ – ამის შესახებ მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია საუბარი.

აუდიტის შესწავლის ობიექტები კახეთის რეგიონში იყო: დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები.
ასევე: ასპინძის, მარნეულის, მცხეთის, წალკის, სამტრედიის, მარტვილის, ჩოხატაურის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები.

დოკუმენტის მიხედვით, შესწავლილ მუნიციპალიტეტებში არ არის გაწერილი უძრავი ქონების მონიტორინგის განხორციელების სათანადო მეთოდები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტებმა არაუფლებამოსილი პირების მიერ ქონების გამოყენების ფაქტები ვერ გამოავლინეს და სათანადო რეაგირება ვერ მოახდინეს.

„მუნიციპალიტეტის ქონების მნიშვნელობიდან გამომდინარე, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მისი გამოყენების, მოვლა-პატრონობის და დაცვის ზედამხედველობის უფლებამოსილებას უშუალოდ აღმასრულებელ ორგანოს ანიჭებს. მუნიციპალიტეტებში შექმნილია ქონების მართვის სამსახურები, რომელთა ერთ-ერთი მოვალეობაა განახორციელონ საკუთრებაში არსებული ქონების მუდმივი მონიტორინგი.

მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული 16 ერთეული არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, საერთო ფართობი − 558.2 ათასი კვ.მ. სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. შესწავლილ მუნიციპალიტეტებში არ არის გაწერილი ან/და პრაქტიკაში დანერგილი უძრავი ქონების მონიტორინგის განხორციელების სათანადო მეთოდები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტებმა არაუფლებამოსილი პირების მიერ ქონების გამოყენების ფაქტები ვერ გამოავლინეს და სათანადო რეაგირება ვერ მოახდინეს.

გამოვლენილ გარემოებებსა და ნაკლოვანებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტების საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესება“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტებში ქონების მართვასა და განკარგვაში ფიქსირდება სისტემური ხარვეზები. კერძოდ:

მუნიციპალიტეტების მიერ მიუღებელი შემოსავლები ქონების განკარგვის პროცესში;
ქონების მართვის კუთხით დანერგილი კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებები, რაც ვერ უზრუნველყოფს გამოავლინოს მუნიციპალური ქონების განკარგვა არაუფლებამოსილი პირების მიერ;
პირდაპირი განკარგვის წესით ქონების გაცემის არასათანადო/არასაკმარისი დასაბუთება;
მუნიციპალიტეტების მიერ გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებების არასათანადო ადმინისტრირება (არ ხდება თავდაპირველად განსაზღვრული ფასების გადახედვა საბაზრო ფასებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით);
მუნიციპალიტეტების მიერ უძრავი ქონების სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩაუტარებლობა;
მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ან შეძენილი ქონება უფუნქციოა და არ გამოიყენება და სხვ.
„მიუხედავად ხარვეზებისა, ზოგიერთი მუნიციპალიტეტის კარგი პრაქტიკით, არსებობს გაუმჯობესების პოტენციალი და შესაძლებლობა, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდისათვის“, – ნათქვამია დასკვნაში.

ცნობისთვის:
აუდიტის ფარგლებში შესწავლილია მუნიციპალიტეტების მიერ 2022-2023 წლებსა და 2024 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდში უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის პროცესი.