ახალი ამბები

ფერმერებს სამეწარმეო მიზნით ვენახის გაშენებაზე სახელმწიფოს თანხმობა დასჭირდებათ

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონპროექტს, რომლითაც ფერმერებს სამეწარმეო მიზნით ვენახის გაშენებაზე სახელმწიფოს თანხმობა დასჭირდებათ.

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში გადაწყვეტენ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას. ვისაც ვენახი გაშენებული აქვთ ამ პირებზე ახალი კანონი არ გავრცელდება.

კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება, რაც განიმარტება შემდეგნაირად: საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას გააშენოს სამეწარმეო ვენახი.

პარლამენტის მიერ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, მაისამდე შემუშავდება შესაბამისი ნორმატიული აქტი, სადაც გაიწერება წარსადგენი დოკუმენტაცია.

„ვაზს ჩვენ ვუტოვებთ მომავალ თაობას, ამიტომ ვენახი გათვლილი უნდა იყოს მრავალწლიან ინვესტიციაზე. ფერმერს დაცული უნდა ჰქონდეს აგროტექნიკური მახასიათებლები, ჯიშობრივი სიწმინდე, ვენახის გაშენების ტექნოლოგია-ტექნიკა; გადამწყვეტია ნიადაგი და ადგილი, სადაც ვაშენებთ ვენახს, რადგან სწორედ ადგილწარმოშობა განსაზღვრავს ღვინის ხარისხს. მსგავსი რეგულაცია დიდი ხანია
მოქმედებს ევროპის მეღვინეობის წამყვან ქვეყნებში. ქართული ღვინის ხარისხი და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატება დამოკიდებულია სწორედ ვენახის ხარისხზე“, – აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

ახალი რეგულაციით, პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე, თვითნებურად გააშენებს ვენახს, ყურძენს ან ღვინოს ვეღარ გაყიდის. ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს.