ევროკავშირმა სურსათის უვნებლობის კონტროლის გასაძლიერებლად ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი ჩაუშვა
ევროკომისიამ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე მომუშავე პლატფორმა, TraceMap ჩაუშვა, რომლის მიზანიც ევროკავშირში სასურსათო თაღლითობის, დაბინძურებული პროდუქტების მიწოდებისა და საკვებთან დაკავშირებული დაავადებების აფეთქების სწრაფი გამოვლენაა. ამის შესახებ ევროკომისიის ვებგვერდზე წერია.
bpn.ge-ს ინფორმაციით, TraceMap მონაცემთა დიდ ბაზებს აანალიზებს, რომლებიც ევროკავშირის აგროსასურსათო რეჟიმს საფუძვლად უდევს და მიწოდების ჯაჭვის გრაფიკულ რუკას იძლევა. მიზანი ოპერატორებსა და სასაქონლო პარტიებს შორის ფარული კავშირების გამოვლენაა.
პლატფორმა ევროკავშირის მასშტაბით ეროვნულ ხელისუფლებებისთვის 10 მარტიდან არის ხელმისაწვდომი, რამაც სურსათის უვნებლობის სფეროში კონტროლისა და გამოძიების ეფექტურობა უნდა გააუმჯობესოს.
„TraceMap არის გარღვევა, რომელიც რევოლუციას მოახდენს ევროკავშირის უნარში, რეაგირება მოახდინოს სურსათის უვნებლობის კრიზისზე და სასურსათო თაღლითობას ებრძოლოს,“ – წერს ევროკომისია.
მისი ცნობით, TraceMap აგროსასურსათო სისტემებში არსებულ მონაცემთა მასივებს გამოიყენებს, რომ სავაჭრო სქემებსა და საწარმოო ნაკადს, თითქმის, რეალურ დროში თვალყური ადევნოს. ეს მოიცავს სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ სწრაფი შეტყობინების სისტემას (RASFF), ვაჭრობის კონტროლისა და საექსპერტო სისტემებსა (TRACES) და სხვა ქსელებს.
თუ TraceMap ისე იმუშავებს, როგორც რეკლამირებულია, ეროვნული ინსპექტორები სისტემაში ინფორმაციის მოძიებას წამებში შეძლებენ, შემოწმების სამიზნეებს უფრო ზუსტად განსაზღვრავენ და ბაზრიდან საეჭვო პროდუქტებს მანამ ამოიღებენ, ვიდრე ისინი მომხმარებლებს ზიანს მიაყენებენ. საპილოტო ვერსია უკვე ეფექტური აღმოჩნდა, როცა საბავშვო რძის ნარევის გამოვლენას ხელი შეუწყო, რომელიც დაბინძურებულ ჩინურ ზეთ ARA-ს შეიცავდა.
ბრიუსელი პერსპექტივაში TraceMap-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის განვითარების უფრო ფართო კონცეფციის ნაწილად განიხილავს. არსებულ რეგულაციებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვით ევროკავშირი შეეცდება, იმ მარეგულირებელი მოდელის მდგრადობა უზრუნველყოს, რომელიც 1990-იან წლებში ძროხის ცოფის პანისკის დროს წარმოიშვა.
აქამდე ეს მოდელი საბოლოო პროდუქციის ტესტირებაზე იყო ორიენტირებული, ახლა კი მთელ მიწოდების ჯაჭვში რეალურ დროში მონიტორინგზე გადადის.
ცნობისთვის: 2024 წელს სურსათისა და ცხოველის საკვების რისკების სწრაფი შეტყობინების სისტემაში (RASFF) შეტყობინებების რაოდენობა 12%-ით გაიზარდა და 5250-ს მიაღწია. ევროკომისიის მონაცემებით, შეტყობინებების, დაახლოებით, მესამედი წევრ ქვეყანაში პროდუქციის შეტანაზე უარის თქმას ეხებოდა, რასაც, ძირითადად, თურქეთიდან, ეგვიპტიდან და ინდოეთიდან იმპორტირებულ ხილბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენები იწვევდა. შეტყობინებების ყველაზე დიდი რაოდენობა გერმანიიდან (1907), ნიდერლანდებიდან (1155) და იტალიიდან (965) დაფიქსირდა.
ამასთან, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) უახლესი მონაცემებით, 2024 წელს ევროპის ქვეყნებში საკვებით გამოწვეული დაავადებების 6558 აფეთქება დაფიქსირდა, რაც 2023 წელთან შედარებით 14.5%-ით მეტია. ყველაზე ხშირად დაფიქსირებული დაავადებები კამპილობაქტერიოზი, სალმონელოზი, ნაწლავურ ჩხირ E. coli-ით გამოწვეული STEC-ინფექციები და ლისტერიოზია.

