“ფასების საპარლამენტო კომისიაზე” დღეს, საცალო ქსელების ოპერატორებს მოუსმენენ
დღეს, 11 მარტს, 14:00 საათზე, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის მიზეზებს სწავლობს, სადისტრიბუციო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
გაცხადებული მიზანია, რომ შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურას, ფასწარმოქმნის ჯაჭვს და იმ საოპერაციო პროცესებს, რაც გავლენას ახდენს პროდუქტის საბოლოო ღირებულებაზე. სადისტრიბუციო კომპანიებისგან დეპუტატები მოისმენენ ინფორმაციას იმ ხარჯების შესახებ, რაც საქონლის იმპორტიდან და საწყობიდან მაღაზიის დახლამდე მიტანას უკავშირდება.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ “სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის” კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა. სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს. 13 თებერვალს კომისიამ ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმინა. 19 თებერვალს კომისიაზე კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს, 25 თებერვალს და 5 მარტს კი დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს მოუსმინეს. ამ დრომდე, ყველა რგოლი მიუთითებდა, რომ გაძვირებაში განსაკუთრებულ როლს რიტეილ სექტორი და მათ მიერ დაწესებული გადასახადები ახდენს.

