ახალი ამბები

ფერმერებმა სარწყავი წყლის მისაღებად “საქართველოს მელიორაციასთან” წყალსარგებლობის განრიგი უნდა შეათანხმონ

თუ ფერმერებს სურთ, რომ სასურველ დროს სარწყავი წყალი შეუფერხებლად მიიღონ, „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებს დროულად უნდა მიმართონ და გააფორმონ წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება.

2026 წლის თებერვლიდან 2027 წლის იანვრის ჩათვლით, „საქართველოს მელიორაცია“ წყლის მიწოდებას შეთანხმებული და დამტკიცებული რეჟიმით განახორციელებს. ამისთვის კი აუცილებელია სარწყავი სეზონის დაწყებამდე წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება.

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, თამაზაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფის და აღნიშნული ტარიფის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების მექანიზმის შესახებ.

გასულ კვირაში მთავრობამ საირიგაციო წყლის მიწოდების სუბსიდირების სქემა დაამტკიცა. ახალი ტარიფებით 1 მორწყვის საფასური გაუმრიცხველიანებელი ფერმერებისთვის 116,5 ლარამდე ძვირდება, მაშინ როცა აქამდე ფერმერებს ამ მომსახურებაში წლიურად მხოლოდ 75 ლარის გადახდა უწევდათ. დასავლეთ საქართველოში კი ტარიფი უფრო ნაკლები 45 ლარი იყო.

დადგენილებით, ტარიფი განისაზღვრა სხვადასხვა კულტურებზე, მაგალითად ერთწლიანი კულტურების 1 მორწყვა 116.5 ლარი იქნება (დღგ ჩათვლით), მრავალწლიანი კულტურების მორწყვის ფასი კი 1 ჰა ტერიტორიაზე 102 ლარი. ახალი ტარიფების დადგენის ფონზე კი, მთავრობა ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენებას ნაწილობრივ დაუსუბსიდირებს. კერძოდ, ახალი წესით მთავრობა სეზონზე სამ მორწყვას დაასუბსიდირებს, დანარჩენი თანხის გადახდა თავად ფერმერებს მოუწევთ.