მთავრობა 76 ათას მიუსაფარ ძაღლს სტერილიზაციისთვის თავშესაფარში გადაიყვანს – დადგენილება
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული №92 დადგენილება „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) დამტკიცების შესახებ“ წარმოადგენს მასშტაბურ სახელმწიფო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ძაღლების პოპულაციის ჰუმანურ მართვას და ცოფის პრევენციას.
ორწლიანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 76 ათასი მიუსაფარი ძაღლის თავშესაფარში გადაყვანა ვაქცინაცია, სტერილიზაცია ტესტირებების მიზნით, ასევე 142,929 პატრონიანი ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და 27,238 პატრონიანი ძაღლის სტერილიზაცია.
პროგრამის ძირითადი მიზნები და ამოცანები
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ძაღლების იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და ვაქცინაცია. პროგრამის ძირითადი ამოცანებია:
უპატრონო და მიკედლებული ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ანტირაბიული ვაქცინაცია და სტერილიზაცია/კასტრაცია.
საჭიროების შემთხვევაში ცხოველების ტესტირება ლეიშმანიოზსა და ჭირზე.
პატრონიანი ძაღლების აღრიცხვა მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სტერილიზაციის ხელშეწყობა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაავადებათა გადაცემის პრევენცია.
მასშტაბები და სტატისტიკური მონაცემები
პროგრამა მოიცავს მთელი ქვეყნის ტერიტორიას, თუმცა მუნიციპალიტეტების მიხედვით გაწერილია კონკრეტული სავარაუდო მაჩვენებლები.
2027 წლის გეგმა:
პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია: სავარაუდოდ 102 092 ძაღლი.
პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაცია: სავარაუდოდ 13 619 ძაღლი.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ანტირაბიული ვაქცინაციის, კასტრაციის/სტერილიზაციისა და საჭიროების შემთხვევაში, ტესტირების (ლეიშმანიოზი, ჭირი) ჩატარების მიზნით, სააგენტოს მიერ განხორციელდება უპატრონო/ მიკედლებული ძაღლის დაჭერა და შემდეგ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში გადაყვანა: სავარაუდოდ 37 500 ძაღლი.
2028 წლის გეგმა:
პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია: სავარაუდოდ 40 837 ძაღლი.
პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაცია: სავარაუდოდ 13 619 ძაღლი.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ანტირაბიული ვაქცინაციის, კასტრაციის/სტერილიზაციისა და საჭიროების შემთხვევაში, ტესტირების (ლეიშმანიოზი, ჭირი) ჩატარების მიზნით, სააგენტოს მიერ განხორციელდება უპატრონო/ მიკედლებული ძაღლის დაჭერა და შემდეგ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში გადაყვანა: სავარაუდოდ 38 401 ძაღლი.
თავშესაფრები და რეგულაციები
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რეგიონებში ახალი მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა ან არსებულის მოწყობა, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში.
აღსანიშნავია მკაცრი რეგულაცია გარემოში დაბრუნებასთან დაკავშირებით: აკრძალულია ძაღლების დაბრუნება სკოლების, საბავშვო ბაღების, სამედიცინო დაწესებულებების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, აგრარული ბაზრების, სასტუმროებისა და სპორტული მოედნების მიმდებარედ. ასეთ შემთხვევაში, ლოკაცია სავალდებულო წესით უნდა შეიცვალოს.
პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო უშუალო შემსრულებელია სურსათის ეროვნული სააგენტო მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.

