დიზელის 13 სინჯში დარღვევა გამოვლინდა – როგორია საწვავის ხარისხი საქართველოში
85 ბრენდულ და არაბრენდულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ხარისხი შემოწმდა – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, ჯამში აღებულ იქნა ბენზინის 20 და დიზელის საწვავის 65 სინჯი.
„ნიმუშებს ლაბორატორიული შემოწმება შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაუტარდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ბენზინის არც ერთ სინჯში დარღვევა არ გამოვლინდა. რაც შეეხება დიზელს, საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა 13 სინჯში. დიზელის საწვავის სინჯებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობისა და აფეთქების ტემპერატურის ხარისხობრივი მაჩვენებლის მნიშვნელობა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 91 პრიმა 3 მუხლის მესამე ნაწილით შეადგინეს. ჯარიმების ჯამური ოდენობა 1 მილიონ ლარზე მეტია. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთანავე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ განაცხადა, რომ საწვავის ხარისხის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის ფაქტების კლების ტენდენცია შეინიშნება.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას.
აღსანიშნავია, რომ საწვავის ხარისხის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის ფაქტების კლების ტენდენცია შეინიშნება. ასევე, ბოლო წლებში, საწვავში არ ფიქსირდება ისეთი ტოქსიკური მძიმე ლითონის შემცველობა, როგორიცაა ტყვია“, – განაცხადა ჯღარკავამ.

