ახალი ამბები

სოცდაუცველების ბაზის მაღალი მოტივაციით გადამოწმებისთვის, სამინისტრო სოცაგენტების ხელფასების გაზრდას ფიქრობს

სოცდაუცველების ბაზის მაღალი მოტივაციით გადამოწმებისთვის, სამინისტრო სოცაგენტების ხელფასების გაზრდას ფიქრობს. შესაბამისი განცხადება “ოცნების” მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ “რუსთავის 2”-ის ეთერში გააკეთა, სადაც დებატების თემა იყო სოციალური დახმარების პოლიტიკა და სიღარიბის შემცირება.

“რამდენად საკმარისია ადამიანური რესურსი, რომ ამხელა მასშტაბის სამუშაოს შეეჭიდონ და რაც შეიძლება უფრო ეფექტურად იმუშაონ?” – ჰკითხა “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს. პასუხად მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბაზის გადამოწმებისთვის ყველანაირი რესურსი არსებობს.

“საამისოდ აუცილებელი ყველა წინაპირობა მომზადებულია. რეალურად, ეს ხალხი მზადაა იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვან, რთულ ამოცანას თავი გაართვან და რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან დიდი საქმე აჩვენონ, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს მონაცემებზე თვალ-ყურის დევნება და იმის მიხედვით, როგორი იქნება პროგრესი, – მხარდაჭერა. ვფიქრობთ, მოტივაციის მიზნით, ფინანსური შესაძლებლობების მობილიზებას იმისთვის, რომ თანამშრომლებისთვის იყოს რაც შეიძლება მაღალი ეს მოტივაცია.
ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თვითონ საჯარო მოხელეების კვალიფიკაციაზე, მონდომებაზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე წლის წინ, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იქნა შეტანილი, როდესაც ოჯახების შეფასებისას სუბიექტური ფაქტორი, პრაქტიკულად, ნულამდეა დაყვანილი, სრულიად ობიექტურად და ზუსტად გაზომვადი კრიტერიუმები იქნა შემოღებული, რომლის მეშვეობითაც დიდი საპასუხისმგებლო წნეხისგან გათავისუფლდნენ ის მოხელეები, რომლებიც ამაზე იმუშავებენ. სოციალური აგენტების ხელფასი შარშან გაიზარდა, რაც შეეხება მომდევნო პერიოდში [მათი ხელფასის მატებას] – ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ვაპირებთ, რომ ამაზე ვიმუშაოთ,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გასულ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიური პროცესი იწყება. მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამ ეტაპზე შემწეობას იღებენ ისეთი ადამიანები, ვისაც არ ეკუთვნით და ამიტომ პროგრამა უფრო მიზნობრივი უნდა გახდეს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2026 წლის იანვარში შემწეობის მიმღებთა რიცხვი 2 ათასით კიდეც გაიზარდა და ჯამში დახმარება 710 226 ადამიანმა მიიღო. აქედან 245 995 პირი დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა.

სოცდაუცველთა დახმარებაზე ყოველ თვე ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარზე მეტი იხარჯება, მთლიანად სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი კი 1.6 მილიარდ ლარია.