ახალი ამბები

25 თებერვალს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოზე ანგარიშს წარადგენენ

25 თებერვალს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ. შესაბამისი ინფორმაცია კომიტეტის დღის წესრიგშია გამოქვეყნებული.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში ანგარიშს საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე წარადგენს.

დოკუმენტი, რომელსაც განიხილავენ, წარმოადგენს მეორე ანგარიშს საქართველოს შესახებ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე სახელმწიფოს თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშს საქართველოს შესახებ.

ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ „სისტემატურ კამპანიას აგრძელებს“.

ანგარიშის თანახმად, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა კიდევ უფრო მეტად რეპრესიული კანონმდებლობით ირღვევა, კერძოდ “გრანტების შესახებ” კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებებით“.

ასევე, „ანგარიში მხარს უჭერს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიზანმიმართულ სანქციებს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და მთავარი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ასევე, მიესალმება ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმის” გააქტიურებას და ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას“.