ახალი ამბები

ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ხვალ ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების მწარმოებლებს მოუსმენენ

13 თებერვალს, პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეორე სამუშაო სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.

როგორც ცნობილია, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიები. მონაწილეები ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ,

ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია პარლამენტში გასულ კვირას შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში 14 პირია, კვოტები კი ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 7; „ხალხის ძალა“ – 3; „საქართველოსთვის – 3; ევროსოციალისტები“ – 1. პირველი სხდომა კი, 11 თებერვალს გაიმართა. შეხვედრაში ადგილობრივი ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ .

ცნობისთვის, 2026 წლის იანვრის დასაწყისში ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო კომისია მთავრობამაც შექმნა. პრემიერის ხელმძღვანელობით აღნიშნულმა კომისიამ შეხვედრები უკვე გამართა სააფთიაქო ქსელების და ფარმაცევტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან; ქართველ მწარმოებლებთან, რითეილ სექტორთან, სადისტრიბუციო კომპანიებისა და ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება რომ კომისია მუშაობას სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. 24 დეკემბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებენ.