ახალი ამბები

სურსათის ფასების შესწავლის პროცესში შესაძლოა, საერთაშორისო კომპანიაც ჩაერთოს

სურსათის ფასების შესწავლის პროცესში შესაძლოა, საერთაშორისო კომპანიაც ჩაერთოს. აღნიშნული ინიციატივა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა გააჟღერა.

„გვაქვს ინიციატივა, რომ ჩვენი კომისიის პარალელურად მივმართოთ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარალელურ რეჟიმში მოიწვიოს საერთაშორისო კომპანია, რომელსაც აქვს კარგი გამოცდილება, პირველადი მოხმარების საგნების და საკვები პროდუქტების სექტორზე (FMCG სექტორი).

მოვიწვიოთ ასეთი კომპანია, რომ პარალელურ რეჟიმში შეისწავლოს ჩვენი სექტორის სტრუქტურა, ბიზნეს პროცესები, რა პრობლემები არსებობს, შეადაროს საქართველოს მსგავს ქვეყნებთან და თავისი რეკომენდაციები დაწეროს. ვფიქრობ ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება,“ – განაცხადა ბერეკაშვილმა.

ამასთან, როგორც კომისიაზე გაჟღერდა ამ კომპანიის შერჩევა შესაბამისი ტენდერის მეშვეობით მოხდება.