ახალი ამბები

2025 წელს, სიმინდის ექსპორტმა $6 მლნ-ს მიაღწია, იმპორტი კი 36%-ით შემცირდა

2025 წელს სიმინდის ექსპორტი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-დეკემბერში საქართველომ 19 685 ტონა სიმინდი გაყიდა, რაშიც 6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. მაშინ, როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, ექსპორტი 14 859 ტონას, ხოლო მიღებული შემოსავალი 4.1 მლნ დოლარს შეადგენდა. შედეგად, ექსპორტი ღირებულებაში 44.7%-ით, ხოლო მოცულობაში 32.4%-ით გაიზარდა.

გასულ წელს სიმინდის ექსპორტი საქართველომ ოთხ ქვეყანაში განახორციელა. მთავარი საექსპორტო ბაზარი ირანი იყო, საიდანაც 19 193 ტონა სიმინდში საქართველომ 5.6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ექსპორტი განხორციელდა ასევე სომხეთში – 458 ტონა ($318 ათასი), აზერბაიჯანში – 13 ტონა ($93 ათასი) და რუსეთში – 19 ტონა ($7 ათასი).

ამის პარალელურად, საქართველოში სიმინდის იმპორტი 2025 წელს შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანამ 36 524 ტონა სიმინდი შეიძინა, რომლის ღირებულებამ 14.8 მლნ დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2024 წელს იმპორტი ჯამურად 57 167 ტონას შეადგენდა, ხოლო მისი ღირებულება – 16.7 მლნ დოლარს. შედეგად, სიმინდის იმპორტი ღირებულებაში 11.2%-ით, ხოლო მოცულობაში 36.1%-ით შემცირდა.

2025 წელსაც საქართველოსთვის სიმინდის მთავარი მომწოდებელი რუსეთი იყო. ქვეყნიდან იმპორტმა 34 777 ტონა შეადგინა, ღირებულებით – 8.9 მლნ დოლარი. რუსეთს მოჰყვება თურქეთი – 1 065 ტონა ($3.1 მლნ), უნგრეთი – 138 ტონა ($770 ათასი), საფრანგეთი – 152 ტონა ($759 ათასი) და შვეიცარია – 53 ტონა ($321 ათასი). საქართველოში სიმინდი ასევე შემოვიდა ავსტრიიდან, რუმინეთიდან, აშშ-დან, სამხრეთ აფრიკიდან და საბერძნეთიდან.