ახალი ამბები

გურჯაანსა და თელავში პროფესიული კოლეჯები შენდება

გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის მშენებლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, მიმდინარეობს.

21 600 კვ. მეტრ ფართობზე განთავსებულ, უახლესი სტანდარტების შესაბამის პროფესიულ კოლეჯში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნე, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის და აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით. კოლეჯის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა 60 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული სივრცე.

თელავში, პროფესიული კოლეჯ „პრესტიჟის“ ტერიტორიაზე, მიმდინარეობს სახელოსნოების მშენებლობა, სადაც დასრულების შემდეგ განხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის: საბათქაშე სამუშაოების წარმოება, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი, სამღებრო სამუშაოების შესრულება, შედუღება, კერამიკული ნაკეთობების დამზადება და სხვა მიმართულებები.