ახალი ამბები

ქვეყანაში 667 318 ინდმეწარმეა რეგისტრირებული – რის გამო შეიძლება დაჯარიმდნენ ბიზნეს სუბიექტები საქართველოში

მეწარმე სუბიექტები შესაძლოა, პოლიტიკური აქტივობისთვის დაჯარიმდნენ. აღნიშნულს ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, მეწარმე სუბიექტს, ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, შესაძლოა, 20 000-დან 40 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისროს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენი მეწარმეა ქვეყანაში რეგისტრირებული, რომელთა პოლიტიკური აქტივობა შესაძლოა, გაკონტროლდეს.

საქსტატის მიხედვით, 2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 1 102 139 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებულია. ამათგან აქტიურ სამეწარმეო საქმიანობით კი 294 573 სუბიექტია დაკავებული.

ამასთან, სტატისტიკის თანახმად, საანგარიშო პერიოდში დარეგისტრირებული იყო 667 318 ინდმეწარმე, რომელთაგან აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას 201 111 პირი ეწეოდა.

რაც შეეხება დანარჩენ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმას, ძირითადი მაჩვენებლები ასეთია:

შეზღუდული პასუხისმგებლო­ბის საზოგადოება (შპს) – რეგისტრირებულია 376 987 კომპანია, აქტიურია 84 984;
კომერციული იურიდიული პირები – რეგისტრირებულია 388 887, აქტიურია 86 126;
სააქციო საზოგადოება – რეგისტრირებულია 3201, აქტიურია – 844;
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს) – რეგისტრირებულია 2 740, აქტიურია ყველა;
კოოპერატივი – რეგისტრირებულია 5774, აქტიურია – 165;
და სხვა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ გუშინ ისაუბრა.

მისი თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.

„ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40,000 ლარის ოდენობით”,- განაცხადა კირცხალიამ.