თუ ადგილობრივი წარმოება არ წახალისდება, რძის პროდუქტები გაძვირდება -ყველის მწარმოებელთა ასოციაცია
საქართველოში შესაძლოა, ადგილობრივი წარმოების რძე და რძის პროდუქტები გაძვირდეს. ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ „ყველის მწარმოებელთა ასოციაციაში“ განუცხადეს.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი, ანა ჩიკვაიძე ამბობს, თუ დარგში ნედლი რძის წარმოებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები არ აღმოიფხვრება, იმერულ ყველზე ფასი მინიმუმ 2 ლარით მოიმატებს.
„ბაზარმა უნდა დაარეგულიროს, რა რძეზე იმუშაოს მწარმოებელმა. რძის მოპოვება ერთი თემაა, მეორეა მოპოვებული რძის წარმოებამდე მიტანა. რას მიიტანს წარმოება, თუ ფიზიკურად აღარ გვექნება?! ძალიან ცოტა მაღალპროდუქტიული საქონელი გვყავს ჩვენ.
კასპში არის ერთი ძალიან საინტერესო ბელარუსული ფერმა, ხარისხების მიხედვითაა დაყოფილი. ძალიან უხარისხო რძეც აქვთ, ძალიან ხარისხიანიც, საშუალო ხარისხისაც და ამის მიხედვოთ ყიდიან. წარმოიდგინეთ, უხარისხო რძე 2 ლარი რომ ღირს, ხარისხიანს რა ფასად გაყიდის ორგანიზებული ფერმა. გაძვირდება რძე და შესაბამისად, გაძვირდება პროდუქტიც. ეს გარდაუვალია, ამას არაფერი არ უდგას წინ. ერთადერთია ის, რომ დროულად მიიღო გადაწყვეტილება სამინისტრომ, რომ ფერმერებს შეხვედროდა.
15-დან 17 ლარამდე ღირს იმერული ყველი. თუ არ დარეგულირდა ნედლი რძის თემა, ველოდები, რომ ძალიან მალე ფასი მინიმუმ 2 ლარით აიწევს. მეტს შეიძლება ბაზარი ვერ გასწვდეს. ახლა ტენდენცია არის, რომ პირიქით, როგორმე ფასი დაწიოს სახელმწიფომ. ადამიანებს ისედაც ასე მძიმე ტვირთად აწევთ მაღალი ფასები. ამ ფონზე, შესაძლოა, რაღაც მოლაპარაკებები გაიმართოს ფერმერებსა და მწარმოებლებს შორის. შესაბამისად, სახელმწიფომ რაღაცნაირად მოახერხოს ამის დარეგულირება. როგორ, სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით. თუმცა, თუ ადგილობრივი წარმოება არ წახალისდება, ასეთი მოლოდინები გვაქვს ფასთან დაკავშირებით. წლებია ეს პრობლემა დგას. მე მეგონა უკეთესობისკენ წავიდოდით. სამწუხაროდ, უკეთესობისკენ ვერ მივდივართ“, – განაცხადა ანა ჩიკვაიძემ.

