გურჯაანში მცხოვრებლები- სასმელ წყალს სპეციფიური გემო ჰქონდა, ვითხოვთ დროულ რეაგირებას
ქალაქ გურჯაანში მცხოვრებლების თქმით, რამდენიმე დღეა სასმელ წყალს, რომელიც მიეწოდებათ, სპეციფიური გემო აქვს. მათი თქმით, გარდა გემოსი, წყალს ასევე სპეციფიური სუნი ჰქონდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის გამო წყალმომარაგების კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს.
მათი თქმით, აუცილებელია დროული რეაგირება და მოსახლეობისთვის სასმელად ვარგისი წყლის მიწოდება.
,,ორი ან სამი დღე წყალს თითქოს ნავთის გემო ჰქონდა, იძულებული გავხდით ცხელ ხაზზე დაგვერეკა და დროული რეაგირება მოგვეთხოვა. მეორე დღეა წყალი არ მოგვეწოდება. 21- ე საუკუნეა და სასმელი წყალი როგორ არ უნდა იყოს უსაფრთხო და სუფთა”,- აცხადებენ ადგილობრივები.
აღნიშნულ საკითხზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ გურჯაანში, წყალმომარაგების სისტემაში მიმდინარე ტექნიკური მონიტორინგის ფარგლებში, პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა გამოიკვეთა.
,,უსაფრთხოების მაქსიმალური
უზრუნველყოფის მიზნით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის სათავე ნაგებობებისა და რეზერვუარების გეგმური რეცხვა-დეზინფექცია.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წყალმომარაგება ქალაქის ნაწილში დროებით შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია წყალმზიდი საშუალებები.
სამუშაოები ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში და დასრულებისთანავე წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”,– აცხადებენ კომპანიაში.

