ახალი ამბები

რა ახალი წესები ამოქმედდება 12 იანვრიდან სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და გაცვლის შემთხვევაში

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობები დაამტკიცა.

ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია საუბარი, რომელიც 30 დეკემბრით არის დათარიღებული.

დოკუმენტის მიხედვით, მხოლოდ ამ წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სახელმწიფო ქონების გაცვლა ან პირდაპირი პრივატიზაცია. მათ შორის, მაგალითისთვის, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისთვის საჭირო იქნება ინვესტორისგან არანაკლებ 100 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების პირობის დადება.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ წესების ამოქმედება სულ რამდენიმე დღეში – 2026 წლის 12 იანვრიდან არის დაგეგმილი.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შესაძლებელია, განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:

საპრივატიზებო უძრავ ნივთზე არანაკლებ 100 მლნ ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ოდენობის ინვესტიციის განხორციელების პირობით;
თუ საპრივატიზებო უძრავი ნივთი წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავე ქონებას, დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ შესაბამის უძრავ ნივთზე განხორციელებულია არანაკლებ 100 მლნ ლარის ინვესტიცია/დანახარჯი, რომელიც დადასტურდება აუდიტორული ფირმის მიერ და საპრივატიზებო უძრავი ნივთის გამოყენება იგეგმება დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების/გაფართოების მიზნით;
სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვიდან გამომდინარე, სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტისათვის ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის პირობით;
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული/საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ასევე სახელმწიფო უწყების/ მუნიციპალიტეტის მონაწილეობით, საქართველოს საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავის (იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება) ან საარბიტრაჟო დავის დასრულების მიზნით;
სახელმწიფო უწყების/მუნიციპალიტეტის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე. კერძოდ:

ა)სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით;

ბ) ფიზიკური პირების/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საცხოვრებლით უზრუნველყოფის/საცხოვრებელი/ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთათვის (ეკომიგრანტთათვის) უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

სახელმწიფო/ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია ენერგეტიკული, წყალმომარაგების, საგზაო/სატრანსპორტო (მათ შორის, საბაგირო) ან ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან;

იმ პირებზე, რომელთა მიერ განხორციელდა სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების იძულებით დათმობა შესაბამისი ქონების პრივატიზების მიზნით;

საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში;

უძრავი ნივთის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის პრივატიზებისას – ცნობისთვის ამ მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზების შემთხვევებისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, სახელმწიფოს ან სხვა სუბიექტის მიერ დაფუძნებული ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისას − აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია.

რაც შეეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლის წინაპირობებს, მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ეს შესაძლებელია, განხორციელდეს:

თუკი ქონების გაცვლის საჭიროება გათვალისწინებულია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმით;
სახელმწიფო უწყების/მუნიციპალიტეტის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით.