კაია კალასი ადასტურებს, რომ EU-ს დოკუმენტში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც არის მოთხოვნილი
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი ადასტურებს, რომ EU-ს დოკუმენტში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც არის მოთხოვნილი.
ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
“რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ნაწილშია განლაგებული საქართველოსა თუ მოლდოვაში. ასე რომ, დიახ, იცით, გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ნათელი უნდა იყოს, რომ ისინი უნდა გავიდნენ ყველა იმ ოკუპირებული ტერიტორიიდან, სადაც ახლა იმყოფებიან“, – განაცხადა კაია კალასმა.
გასულ კვირაში რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ (RFE/RL) დაწერა, რომ კალასმა წევრ ქვეყნებს გააცნო დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილია ის დათმობები, რაზეც რუსეთი უნდა წავიდეს უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში.
RFE/RL-ის ცნობით, დოკუმენტში ასევე მოთხოვნილია რუსული ჯარების გაყვანა მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველოდან. კერძოდ, ულტიმატუმი ეხება ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების აკრძალვასა და რუსი სამხედროების ყოფნას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში. რუსული ჯარები ათწლეულების განმავლობაში არიან განლაგებულნი რუსეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტულ რეგიონებში აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში, ისევე როგორც სომხეთსა და ბელარუსში არსებულ სამხედრო ბაზებზე.
“რა თქმა უნდა, ზოგიერთი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები არარეალისტურია, მაგრამ მოდით, გულწრფელები ვიყოთ მოთხოვნები რუსული მხრიდან საერთოდ არ არის რეალისტური. ვგულისხმობ იმას, რომ ისინი დიპლომატიური გზით ითხოვენ იმ ტერიტორიებს, რომლებიც სამხედრო გზითაც კი არ აქვთ დაპყრობილი.
ასე რომ, ეს კეთდება იმისთვის, რათა ოდნავ დაბალანსდეს მოლაპარაკებების პროცესი და ყურადღება ნამდვილად გამახვილდეს მთავარ პრობლემაზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს მეზობლებზე თავდასხმას”, – განაცხადა კალასმა.

