რა ვალდებულებები უჩნდებათ ქართველ დამსაქმებლებს 1-ელი მაისიდან
შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებული ხდება, უცხოელის აყვანამდე მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე, ვაკანსია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში worknet.moh.gov.ge-ზე განათავსოს.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, თუ სააგენტო ამ დროის განმავლობაში ვერ იპოვის შესაბამის ადგილობრივ კადრს, დამსაქმებელს მხოლოდ ამის შემდეგ უჩნდება შესაძლებლობა, უცხოელის დასაქმებაზე უფლების მისაღებად სააგენტოს მიმართოს.
უფრო კონკრეტულად, შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში:
“ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.moh.gov.ge განათავსოს ინფორმაცია იმ ვაკანტური სამუშაო პოზიციის თაობაზე, რომელზეც აპირებს დაასაქმოს შრომითი იმიგრანტი;
იმ შემთხვევაში, თუ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.moh.gov.ge განთავსებულ ვაკანსიაზე, 10 სამუშაო დღის განმავლობაში, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ განთავსებული ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატურ(ებ)ის მოძიებასა და დამსაქმებლისთვის მიწოდებას, ადგილობრივი დამსაქმებელი შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს და ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას წარადგენს სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge;
თუ ადგილობრივი დამსაქმებელი უარს იტყვის სააგენტოს მიერ შეთავაზებული კანდიდატის/კანდიდატების მიღებაზე, იგი ვალდებულია შერჩევის პროცესის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული ფორმით აცნობოს სააგენტოს ამის შესახებ და დაასაბუთოს მისთვის შეთავაზებული კანდიდატურების დასაქმებაზე უარის თქმის მიზეზი. სააგენტო ადგილობრივი დამსაქმებლის განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ მიზეზებს, მიიღებს გადაწყვეტილებას შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად პროცესის გაგრძელების/შეწყვეტის თაობაზე და მიღებულ გადაწყვეტილებას ელექტრონული ფორმით აცნობებს დამსაქმებელს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დამსაქმებელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს და ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას წარადგენს სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge;”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
სააგენტო უფლებამოსილია, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემისთვის გათვალისწინებული პროცედურები ადგილობრივი დამსაქმებლის განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის სრულად მიღების შემდეგ დაიწყოს და შესაბამისი გადაწყვეტილება არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში მიიღოს.
ინფორმაციისთვის, წესი ეხებათ იმ უცხოელებს, რომლებსაც არ აქვთ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა და ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობა ან თვითდასაქმება სურთ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.
დოკუმენტის თანახმად, უკვე თვითდასაქმებული უცხოელებისთვის რეგულაცია 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება. აქტიური რეგისტრაციის მქონე შრომითმა იმიგრანტებმა კი, 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა მოიპოვონ შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შრომითი საქმიანობის უფლებას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელების დასაქმების წესში ცვლილებები შედის. აღნიშნული განსაზღვრავს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პირობებს, კრიტერიუმებს, პროცედურებსა და ვადებს.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება საკურიერო მომსახურების, მგზავრთა გადაყვანისა და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებულ სფეროებში აკრძალა.

