ახალი ამბები

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

თამბაქო გაძვირდა – 1 იანვრიდან ფასმა თითქმის ყველა სახეობის სიგარეტზე მოიმატა.

როგორც “პირველებს” თამბაქოთი მოვაჭრეები ეუბნებიან, იმპორტირებულ თამბაქოზე აქციზის განაკვეთი კოლოფზე 85 თეთრიდან 2.75 ლარამდე გაიზარდა.

ზოგიერთი მოვაჭრე თამბაქოს გაყიდვისგან დროებით თავს იკავებს, რადგან ფასების დასტაბილურებას ელოდება.

ინფორმაცია, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდებოდა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაადასტურეს “ქართული ოცნების” წევრებმა. პარლამენტში გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით მიიღეს.

კანონპროექტების ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები (შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, თორნიკე ბერეკაშვილი) იყვნენ. მათ განმარტებით ბარათში ჩაწერეს, რომ მიზანი „ადგილობრივი წარმოების დაცვა და სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდაა“.

ახალი წლიდან თამბაქოს შემცველობით იმპორტირებული 20-ღერიანი სიგარეტის აქციზის ფასი 1,9 ლარიდან 2,75 ლარამდე (85 თეთრით) იზრდება;
იმპორტირებული ნაწარმის (რომელიც შეიცავს თამბაქოს ან აღდგენილ თამბაქოს) აქციზი 1,85 ლარიდან 2,7 ლარამდე (85 თეთრით) იზრდება.
ამავე კანონით, ცალკე გამოიყოფა ქართული ნედლეულით (35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე) დამზადებული სიგარეტისთვის განკუთვნილი აქციზი. თუკი აქამდე აქციზის ფასი 1,9 ლარი იყო, ახლა 1,3 ლარამდე შემცირდა.