ახალი ამბები

პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, სადაც მაღალია ალბათობა, რომ არ აკმაყოფილებენ შემწეობისთვის პირობებს – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მომზადებულია ყველა საჭირო წინაპირობა და მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით. პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, სადაც მაღალია ალბათობა, რომ არ აკმაყოფილებენ შემწეობის მისაღებად დადგენილ პირობებს.

„გადამოწმების წარმართვისთვის მომზადებულია ყველა საჭირო წინაპირობა და მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით, რა დროსაც, პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც, სხვადასხვა ფაქტორების გამო, მაღალია ალბათობა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომლის გამოც და რომლის შემთხვევაშიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ეკუთვნით შემწეობა. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად განისაზღვრება უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში 2000 ლარიანი შემოსავლის მიღება ყოველთვიურად,“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გარდა ამისა, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ ოჯახს პოზიტიური დინამიკა აქვს, მდგომარეობა გაიუმჯობესა, აქვს შემოსავალი, „ბუნებრივია, რომ აღარ უნდა რჩებოდეს ბაზაში“.

მინისტრის განმარტებით, ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესამოწმებლად სხვადასხვა კრიტერიუმი არსებობს, რომლის გადამოწმებაც შექმნის საფუძველს იმისა, დარჩებიან თუ არა ისინი შესაბამის ბაზაში და მიიღებენ თუ არა შემწეობას სახელმწიფოსგან.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ის ხალხი, ვინც მაგალითად, ამ მდგომარეობით, რა მდგომარეობაშიც ისინი იმყოფებიან, ფინანსური, ეკონომიკური თვალსაზრისით, ვერ შეძლებდნენ, რომ დარეგისტრირებული იყვნენ ოჯახად, რომელსაც ეკუთვნის შემწეობა, ასეთ შემთხვევაში, ისინი ბაზაში არ უნდა რჩებოდნენ. თუ ოჯახს პოზიტიური დინამიკა აქვს, მდგომარეობა გაიუმჯობესა, აქვს შემოსავალი, ის ბუნებრივია, აღარ უნდა რჩებოდეს ბაზაში. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ ამ თვალსაზრისით სწორად მოხდეს ადამიანების დაჯგუფება. შესაბამისად, იყოს მეტი რესურსი, მეტი შესაძლებლობა, მათ შორის, იმ ადამიანების მხარდაჭერის, რომლისთვისაც ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
აქ ყველაფერი მონაწილეობს. არის მთელი სისტემა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შემოწმებისა. ამ სისტემაში მონაწილეობს ათეულობით კრიტერიუმი, მათ შორის კომუნალურების გადასახადების გადახდა, მისი მოცულობა და ა.შ. ყველა ეს ფაქტორი ზემოქმედებს მთლიან შეფასებაზე. ცალკე აღებული არცერთი ნივთი, არც ერთი შემოსავალი არ ქმნის მთლიანი შეფასების საშუალებას და საფუძველს. ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა იყოს, შშმ პირის სტატუსი განაპირობებდეს გარკვეულ მაღალ ქულას. ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეული ნივთების ერთობლიობა, ზოგიერთში შემოსავალი. მთლიანობაში, რა სურათიც იქმნება, იძლევა საფუძველს. ამ შემთხვევაში 2 000 ლარი არის არა ავტომატურად სტატუსის გაუქმების საფუძველი, ეს არის საფუძველი, რომ გადამოწმდეს ოჯახი. გადამოწმების შედეგად გაირკვევა, რეალურად, ამ ყველა კრიტერიუმის მიხედვით, როგორია მთლიანი შეფასება. ამის მიხედვით პირი დარჩება ბაზაში და მიიღებს შემწეობას ან გაეზრდება ქულა და შესაბამისად, ის აღარ ჩაითვლება პირად, რომელიც ამას იმსახურებს“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.