“მზიას თავისუფლებისთვის” – 12 იანვარს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში გაიმართება
12 იანვარს ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი პატიმრობაშია.
მისი გათავისუფლების მოთხოვნით, საღამოს 20:00 საათზე მარში გაიმართება, რომელიც მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და გალაკტიონის ხიდისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველზე, პარლამენტთან დასრულდება.
“ამ მარშით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ზუსტად ერთი წელია, რაც ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი დატყვევებული ჰყავთ შეთითხნილი ბრალდების, ცრუ ჩვენებების და უზურპირებული სასამართლო სისტემის მეშვეობით.
ამ მარშით კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ მზიას უკანონო პატიმრობას, მის მიმართ სახელმწიფოს დაუნდობელ, არაადამიანურ მოპყრობას, მისი უფლებების არაერთგზის დარღვევას და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.
მარშის წინა დღეს, 11 იანვარს, საღამოს 10 საათზე, მზიას კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები სიმბოლური აქციით რუსთავის ქალთა კოლონიასთან შეიკრიბებიან.
დამოუკიდებელი მედია პლატფორმების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, სისხლის სამართლის წესით, 2025 წლის 12 იანვარს, ღამით დააკავეს. მანამდე რამდენიმე საათით ადრე კი ადმინისტრაციული წესით, ბათუმის პოლიციის შენობის ეზოს ღობეზე სტიკერის მიკვრის გამო. დაკავებამდეც და დაკავების შემდეგაც, მზია ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, როგორც პოლიციელთა ჯგუფის, ისე პირადად პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან, თუმცა სახელმწიფოს მზიას უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები დღემდე არ გამოუძიებია, მის საქმეში მონაწილე პოლიციელები და პროკურორები კი ან დააწინაურეს ან სხვა თანამდებობებზე გადაიყვანეს.
ამ ერთი წლის განმავლობაში, მზია ამაღლობელი იქცა სიტყვის თავისუფლებისა და საქართველოს წინააღმდეგობის ძლიერ სიმბოლოდ, რომლის ხმაც გისოსებიდან მთელ ევროპასა და ცივილიზებულ სამყაროში ისმის. საქართველო კი სწორედ მზიას საქმის გამო პირველად აღმოჩნდა იმ ავტორიტარული ქვეყნების სიაში, რომლებსაც სინდისის პატიმარი ჟურნალისტები ჰყავთ.
გამოდი 12 იანვარს, საღამოს 8 საათზე!
ბრძოლა მზიას და სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის გრძელდება!
#თავისუფლებამზიას
#თავისუფლება სინდისის პატიმრებს”,- აღნიშნულია მარშთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში

