ახალი ამბები

მიკროავტობუსის მძღოლებს ტრანსპორტის ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით აღჭურვა მოუწევთ

მიკროავტობუსებით საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანა აღარ აიკრძალება.

კერძოდ, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეგულაციაში ცვლილებები შედის. როგორც სააგენტოში განაცხადეს, მხოლოდ M3 (ავტობუსით) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით მგზავრების გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება.

ცვლილებების შედეგად, საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანას მიკროავტობუსები და მინივენები კვლავ გააგრძელებენ, თუმცა, იმ ტრანსპორტისთვის რომლებიც შიდა გადაყვანებში იქნებიან ჩართული სავალდებულო იქნება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობებისა და ტაქოგრაფის დამონტაჟება.

„მიკროავტობუსები და მინივენები ჩვეულებრივ იმოძრავებენ. ტაქოგრაფისა და სიჩქარის შემზღუდველებისთვის ჩვენ ვადა მივეცით მძღოლებსა და სერვისცენტრებს. მხოლოდ ავტობუსით მგზავრთგადაყვანა სავალდებულო არ იქნება, მთავარი ვალდებულება არის ის, რომ ტრანსპორტი აღიჭურვოს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით და ტაქოგრაფით“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში.

სააგენტოს განცხადებით, ცვლილებები მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხოების ხელშეწყობას, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას, საგზაო უსაფრთხოების განვითარებასა და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კონკურენტული გარემოს შექმნას.

„ახალი რეგულაციით იცვლება რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში მხოლოდ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების მოთხოვნა. ამასთან, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას სავალდებულო ხდება სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფით და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლის სამუშაო და დასვენების რეჟიმებისა და გადაადგილების სიჩქარის კონტროლს.

ახალი ვალდებულების ამოქმედებისთვის დადგენილია შემდეგი ვადები:

ტაქოგრაფის გამოყენება სავალდებულო იქნება:

თბილისი – ბათუმის მიმართულებით მოძრავი საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის 2027 წლის 1 ივნისიდან;
სხვა ყველა 50 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ დასახლებას შორის მოძრავი ტრანსპორტისთვის კი – 2027 წლის 1 დეკემბრიდან.
სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამოყენება სავალდებულო იქნება”

თბილისი – ბათუმის მარშრუტზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის – 2027 წლის 1 მარტიდან;
სხვა ყველა დასახლებას შორის მოძრავი საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის კი 2027 წლის 1 დეკემბრიდან.
აღნიშნული მიდგომა შექმნის დაბალანსებულ და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხოების ხელშეწყობას, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას, საგზაო უსაფრთხოების განვითარებასა და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კონკურენტული გარემოს შექმნას“, – აცხადებენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში.