„სახლს დავწვავ პირდაპირ ეთერში და არ მოგცემთ გაყიდვის საშუალებას“ — ლაგოდეხელი ჟურნალისტი მისი საცხოვრებელი სახლის დაგეგმილ აუქციონს ეწინააღმდეგება
„სახლს დავწვავ პირდაპირ ეთერში და არ მოგცემთ გაყიდვის საშუალებას“ — ამ სიტყვებით ეხმაურება ლაგოდეხელი ჟურნალისტი ეკატერინე კობახიძე მისი საცხოვრებელი სახლის დაგეგმილ აუქციონს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში კობახიძე ვითარებას უკიდურესად მძიმედ აფასებს და აცხადებს, რომ საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. მისი თქმით, ფინანსურმა სირთულეებმა, ჯანმრთელობის პრობლემებმა და მიმდინარე საბანკო ვალდებულებებმა მისი მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანა.
როგორც ეკატერინე კობახიძე რადიო თბილისთან აცხადებს:
„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავაკეთე რეპორტაჟი ISFED-ში, სადაც საკონტრაქტო სამხედროების მშობლები ადგილობრივ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. ეს კრიტიკული მასალა არ მაპატიეს და მთელი 2019 წელი ზეწოლის ქვეშ ვიყავი სამსახურში.“
კობახიძის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ის შემოსავლის გარეშე დარჩა, თუმცა პარალელურად დარჩა მიმდინარე საბანკო ვალდებულებები, მათ შორის — Credo Bank-ის სესხი, რამაც, მისი შეფასებით, ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.
ჟურნალისტი წერს, რომ კრედიტით მიღებული თანხით ოჯახმა მეცხოველეობის მცირე ბიზნესი დაიწყო, თუმცა, მისი შეფასებით, საქმიანობის პროცესში არათანაბარი და უსამართლო პირობები შეექმნათ. კობახიძე აცხადებს, რომ ადგილობრივ დონეზე გარკვეულ ბიზნესებს პრივილეგირებული გარემო ჰქონდათ, ხოლო მისი საქმიანობა ზეწოლისა და შევიწროების პირობებში მიმდინარეობდა.
კობახიძე პასუხისმგებლობას ლაგოდეხში მოქმედ გავლენიან პირებს აკისრებს და ამ კონტექსტში ასახელებს პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთ ლიდერს, გურამ მაჭარაშვილს, რომელიც წარსულში ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ამავე განცხადებაში ის ახსენებს ვანო და რამაზ მანაგაძეების გვარებს.
„ჩემი ერთადერთი თავშესაფრის გადარჩენის შანსი მხოლოდ თქვენ ხართ. სულ რაღაც 9 დღე რჩება აუქციონამდე, სადაც ჩემი პატარა სახლი უნდა გაიყიდოს.“ — წერს ეკატერინე კობახიძე.
ჟურნალისტი კრიტიკულად აფასებს Credo Bank-ის გადაწყვეტილებასაც. ბანკის ოფიციალური პოზიცია ამ დრომდე უცნობია.
დახმარების მსურველთათვის ეკატერინე კობახიძე აქვეყნებს საბანკო რეკვიზიტს:
GE54BG0000000100774496.

