რუსეთის ღვინის იმპორტში ქართული ღვინის წილი 26%-მდე გაიზარდა
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების სტრუქტურა ნაწილობრივ დივერსიფიცირებულია, თუმცა კვლავ ძლიერად დამოკიდებულია რუსეთზე – ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” ქართული ღვინის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
“მიუხედავად ექსპორტის მიმართულებების ზომიერი დივერსიფიკაციისა, საექსპორტო შემოსავლები კვლავ მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება. 2024 წლისთვის რუსეთის წილი ღვინის ექსპორტის მთლიან შემოსავლებში დაახლოებით ორ მესამედს შეადგენდა”,- აღნიშნულია პუბლიკაციაში.
გასულ წელს რუსეთის წილი საქართველოდან ღვინის მთლიან ექსპორტში 66%-მდე გაიზარდა და ქართული პროდუქტი რუსეთის ღვინის მთლიანი იმპორტის 26%-ს შეადგენდა.
მიმოხილვის თანახმად, საქართველომ გააძლიერა თავისი პოზიცია, როგორც წამყვანმა მიმწოდებელმა რუსეთის ბაზარზე, საშუალო ფასის სეგმენტში კონკურენტუნარიანი შეთავაზებებით — საშუალო იმპორტის ფასებით კვლავ ჩამოუვარდება იტალიას, პოლონეთსა და ლატვიას. 2024 წლის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში ღვინის საიმპორტო ფასი 2.7 დოლარი იყო ლიტრზე, რაც ჩამოუვარდება რუსეთის ღვინის საშუალო საიმპორტო ფასს – 3.1 დოლარს ლიტრზე.
2025 წლის 9 თვეში რუსეთის წილმა ქართული ღვინის ექსპორტში 63% შეადგინა, 2024 წლის 9 თვეში კი 68% იყო.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი ცხრა თვის წინასწარი მონაცემებით, ღვინის ექსპორტი წლიურად 12%-ით შემცირდა და 189.9 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. მიზეზი ძირითადად რუსეთში ექსპორტის შემცირებაა, რაც 2024 წელს იმპორტირებულ ალკოჰოლზე აქციზის გადასახადების ზრდას მოჰყვა. 2023 წლის ბოლოს განხორციელებულმა წინმსწრებმა ექსპორტმა დროებით გაზარდა ექსპორტის მოცულობები, რის შედეგადაც 2025 წელს მოხდა მოცულობების კორექტირება.
მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ 2026 წლიდან რუსეთის ბაზარზე კვლავ დაგეგმილია აქციზის ზრდა, რაც სავარაუდოდ, გაზრდის საცალო ფასებს, შეასუსტებს მოთხოვნას და გააძლიერებს რისკებს მაღალი ფასისადმი მგრძნობიარე ბაზარზე.

