მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა მცირდება, ცოცხალი ცხოველების ექსპორტი კი მზარდია – TBC Capital
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა მცირდება, ხოლო ცოცხალი ცხოველების ექსპორტი მზარდია, რაც მიუთითებს საგარეო მოთხოვნის ზრდაზე, შიდა ფარის შემცირების ხარჯზე.
ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც რძისა და რძის პროდუქტების სექტორს ეხება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2025 წლის 10 თვეში ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი წლიურად 40%-ით გაიზარდა. ჯამში წელს 19 ათასი ტონა ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გავიდა ექსპორტზე.
კვლევაში ასევე წერია, რომ რძისა და რძის პროდუქტების იმპორტის სტაბილური ზრდა მიუთითებს, რომ შიდა მიწოდება ვერ ახერხებს მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
კვლევის თანახმად, საქართველოში რძის საშუალო წველადობა დაბალია და მხოლოდ 4.7 ლიტრს შეადგენს, ეს გაცილებით ნაკლები ვიდრე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელია (22 ლიტრი) რაც ხაზს უსვამს პროდუქტიულობის უკიდურესად დაბალ დონეს.
რძის იმპორტის ხარჯები მკვეთრად გაიზარდა – 45%-თ 2025 წლის 10 თვის მონაცემებით. მნიშვნელოვანი მომწოდებელი ქვეყნები ბოლი წლებში აზერბაიჯანი, რუსეთი, საფრანგეთი, პოლონეთი და ბელორუსია. კერძოდ, სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს 10 თვეში რძის იმპორტში აზერბაიჯანი ლიდერობს ჯამური იმპორტის 24%-ით, მეორე ადგილზე 18%-ით რუსეთია, ხოლო მესამე ადგილს 16%-ით საფრანგეთი იკავებს.
წელს 10 თვეში ასევე გაზრდილია რძის ფხვნილის იმპორტიც. კვლევის მიხედვით, რძის ფხვნილის იმპორტმა აქამდე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, 2019 წლის დაახლოებით 8000 ტონიდან 2025 წლის 10 მილიონი წლისთვის 11 600 ტონაზე მეტამდე გაიზარდა, რაც ძირითადად ბელარუსიდან, ირანიდან, რუსეთიდან და ნიდერლანდებიდან მოწოდებების ზრდით არის განპირობებული.
TBC Capital-ის სექტორულ მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში რძის სექტორი ხასიათდება მოხმარების სტაბილური ზრდით, განსაკუთრებით მაღალი დამატებული ღირებულების რძის პროდუქტებზე. ყველი მოხმარების კალათაში დომინანტურ პოზიციას იკავებს როგორც მოცულობით, ისე – ღირებულებით.
ქვეყანაში რძის პროდუქტების საერთო მოხმარება 2018 წლიდან სტაბილურად გაიზარდა 664 ათასი ტონიდან 762 ათას ტონამდე, ყველი კვლავ დომინანტურ პროდუქტად რჩება და შესამჩნევად გაიზარდა რძისა და არაჟნის წილი.

