ინტეგრირებული ვენახის მართვა გადამწყვეტია ქართული მეღვინეობის სექტორისთვის – FAO-ს წარმომადგენელი
ინტეგრირებული ვენახის მართვის პრინციპების დანერგვა გადამწყვეტია საქართველოს მეღვინეობის სექტორის როგორც გარემოსდაცვითი, ისე ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ FAO-ს აგრონომიის, მეღვინეობისა და ექსტენციის სპეციალისტმა, თამარ ოთხმეზურმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სექტორის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ტრენერთა ტრენინგის პირველი ციკლი დაასრულა და პარალელურად ახალი საგანმანათლებლო სესიები დაიწყო. პროგრამის მიზანია სურსათის უვნებლობისა და ვენახის მართვის პრაქტიკული და თეორიული უნარების გაძლიერება საქართველოში.
ცოდნის გაღრმავებასა და მევენახეობის სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული სიღრმისეული შეხვედრები მევენახეთა ორ ჯგუფს ჩაუტარდა. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ მიმოხილვებს, ისე ვენახებში ჩატარებულ პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
„ინტეგრირებული ვენახის მართვის პრინციპების დანერგვა გადამწყვეტია საქართველოს მეღვინეობის სექტორის როგორც გარემოსდაცვითი, ისე ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ასევე ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობისთვის. ტრენერთა ტრენინგის მიდგომა კი უზრუნველყოფს ცოდნის ფართო გავრცელებას და გრძელვადიან მდგრადობას“, – განაცხადა თამარ ოთხმეზურმა.
ტრენერთა ტრენინგის პირველ ციკლში 13 მევენახისა და მეღვინისგან შემდგარი ჯგუფი ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობდა. პროგრამა მოიცავდა ზამთრისა და მწვანე სხვლის პრაქტიკულ სწავლებას, ასევე 11 თეორიულ მოდულს ვენახის ინტეგრირებული მართვის მიმართულებით. ნიადაგის შეფასების, ირიგაციის დაგეგმარების, განოყიერების სტრატეგიებისა და ვენახის მართვის სხვა მეთოდებზე დამატებით ჩატარებული სამდღიანი ტრენინგის შედეგად, მონაწილეებმა პროგრამა წარმატებით დაასრულეს. ამასთან, 21 სპეციალისტისგან შემდგარ ახალ ჯგუფს ხუთდღიანი ინტენსიური ტრენინგი ჩაუტარდა, რომელიც ზამთრის სხვლას, ვაზის ფორმირებასა და ფიზიოლოგიას მოიცავდა.
ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება.

