ვინ იყო პედაგოგი, რომელიც თელავში, ავარიის შედეგად გარდაიცვალა
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პირი 73 წლის პედაგოგი, ნელი ჯავახიშვილია.
ნელი ჯავახიშვილი თელავის №3 საჯარო სკოლაში წლების განმავლობაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა, ბოლო პერიოდში კი ინფომენეჯერის პოზიციას იკავებდა.
დაღუპულ პედაგოგზე განცხადებას ავრცელებს თელავის №3 საჯარო სკოლა.
“მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სკოლას როგორც მასწავლებელი, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენელი. მესამე საჯარო სკოლის კოლექტივისთვის უკიდურესად ძნელია მასზე წარსულში საუბარი. ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს“,- წერია განცხადებაში.
ორი დღის წინ ქალს, რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ფეხით გადაადგილების დროს დაეჯახა. დაშავებული კლინიკაში მოათავსეს, თუმცა, ახლობლების თქმით, მიღებული ტრამვების პარალელურად თრომბი განუვითარდა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

