„საქართველოს EU-თან დაძაბულმა ურთიერთობამ შესაძლოა, ინვესტორის განწყობა დაამძიმოს და FDI შეამციროს“ – IMF-ის მისია
„საქართველოს ევროკავშირთან დაძაბულმა ურთიერთობამ შესაძლოა, ინვესტორის განწყობა დაამძიმოს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეამციროს“, – ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის განცხადებაში.
მისიის განცხადებით, საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ, 5%-იან, ზრდის ტემპს მიუახლოვდება. ამასთანავე, ეკონომიკის ზრდასთან მიმართებაში მთავარ გაურკვევლობას წარმოადგენს უკრაინაში ომის დასრულების საკითხი, რამაც შესაძლოა, შეატრიალოს მიგრაციის, ფინანსური შემოდინებების და სატრანზიტო ვაჭრობის ნაკადების ნაწილი.
„საქართველო მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. 2025 წელს რეალური მშპ-ს 7.3 პროცენტიან ზრდას ველით. ზრდის ეს ტემპი ოდნავ ჩამოუვარდება 2024-ის მაჩვენებელს, ხოლო ისტორიულ ჭრილში კვლავ მაღალია. ეკონომიკურ საქმიანობაში წამყვანია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის და განათლების სექტორები, რომელთა ზრდა პანდემიის შემდგომ და უკრაინაში ომის დაწყების პერიოდიდან აჩქარდა. სწრაფმა ზრდამ უმუშევრობის დონე ისტორიულად დაბალ 13.3%-მდე შეამცირა, თუმცა, უმუშევრობა სტრუქტურულად მაღალი რჩება.
ინფლაცია 2025 წელს აჩქარდა და ნოემბერში წინა წელთან შედარებით 4.8%-ს მიაღწია, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს აღემატება. ინფლაციის ზრდა ძირითადად ადგილობრივი საკვების ფასის მატებამ განაპირობა, რაც გარდამავალი ფაქტორია და მის შემცირებას ველოდებით. საბაზო ინფლაცია სამიზნეზე დაბალია, რაც მიუთითებს, რომ ფასების საერთო დონეზე ზეწოლა არ არსებობს. სებ-მა სათანადოდ შეინარჩუნა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა და პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. მიუხედავად ამისა, თუ ინფლაცია მოლოდინს გადააჭარბებს, სებ-ი პოლიტიკის გამკაცრებისთვის მზად უნდა იყოს.
ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ნოემბერში სარეკორდო 5.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია (წინა წლის 4.1 მილიარდი აშშ დოლარიდან), რაც სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის საზომის 100%-ს შეადგენს. გაუმჯობესება დაკავშირებულია დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირებასთან და ძლიერ საერთაშორისო სავალუტო შემოდინებებთან: მომსახურების ექსპორტიდან და ფულადი გზავნილებიდან, რამაც სებ-ს ვალუტის შესყიდვების საშუალება მისცა. რეზერვების ზრდაში პოზიტიური როლი ითამაშა ოქროს ფასების მატებამ. ბაზარზე ხელშემწყობი პირობების არსებობის შემთხვევაში რეზერვების შემდგომი დაგროვებაც სასურველია.
ფისკალური პოლიტიკა კვლავაც მოწესრიგებულია. 2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტი, დაგეგმილ მშპ-ის 2.5%-ზე ნაკლები იქნება, რაც განპირობებულია ძლიერი შემოსავლებით და კაპიტალური ხარჯების გეგმიდან ჩამორჩენით. 2026 წლის ბიუჯეტი გონივრულად მიზნად ისახავს მშპ-ის 2.5%-იან დეფიციტს და ითვალისწინებს სახელმწიფო კაპიტალური და სოციალური ხარჯების ზრდას. 2026 წლის აპრილში 500 მილიონი აშშ დოლარიანი ევროობლიგაციების უპრობლემოდ გადაფინანსებას ველით, არსებულ საბაზრო პირობებში. სამომავლოდ, შესაძლებელია სახელმწიფოს შემოსავლის ზრდა საგადასახადო ბაზის გაფართოებით და საგადასახადო დანაკარგების შემცირებით, რაც სახელმწიფო ინვესტიციების უკეთესი მართვის და ხარჯების ეფექტურობის დახვეწის პარალელურად, ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურისა და განათლების მიმართულებით საჭირო ხარჯების დაფინანსებას.
საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ, 5%-იან, ზრდის ტემპს მიუახლოვდება. მთავარი გაურკვევლობას წარმოშობს უკრაინაში ომის დასრულების ვითარება, რამაც შეიძლება შეატრიალოს მიგრაციის, ფინანსური შემოდინებების და სატრანზიტო ვაჭრობის ნაკადების ნაწილი, მაგრამ ასევე შექმნას სტაბილურობა რეგიონში, რაც გრძელვადიანი ინვესტიციების წინაპირობაა. ამასთან, საქართველოს ევროკავშირთან დაძაბულმა ურთიერთობამ შესაძლოა ინვესტორის განწყობა დაამძიმოს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეამციროს. არაბთა გაერთიანებული საემიროების ინვესტორის მიერ განცხადებული 6.5 მილიარდი აშშ დოლარიანი უძრავი ქონების პროექტი, გეგმის მიხედვით განხორციელების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის წამახალისებელ და სამუშაო ადგილების შექმნის დადებით შესაძლებლობას ქმნის. მაღალი გაურკვევლობის გეოპოლიტიკურ გარემოში ხელისუფლებებმა უნდა შეინარჩუნონ ფისკალური და საგარეო ბუფერები და განახორციელონ სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც გააუმჯობესებს მმართველობას და შექმნის მეტ სამუშაო ადგილს“, – აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, 10-16 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) მისიამ ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით საქართველოს ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური მოვლენების და რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესის შესაფასებლად თბილისში შეხვედრები გამართა.

