ევროკავშირი ბენზინის და დიზელის ძრავის აკრძალვის გაუქმებას აპირებს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ბენზინის და დიზელის საწვავზე მომუშავე შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების აკრძალვის გაუქმებას აპირებენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალვა, რომელიც 2035 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ამჟამად არარეალისტურად მიაჩნიათ, ამიტომ ისინი აკრძალვის გაუქმებას აპირებენ.
ამ პროცესში წინამძღოლი ცალსახად გერმანია იყო, რომლის საავტომობილო სექტორი კრიზისშია და თითქმის ყველა მწარმოებელი კომპანია იმაზე მიუთითებს, რომ 2035 წლიდან აკრძალვის ამოქმედება ინდუსტრიის ჩამოშლას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ 2035 წლიდან ბენზინის და დიზელის ავტომობილების შეზღუდვის გადაწყვეტილება ევროკავშირმა ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როცა მსოფლიოში ელექტრომობილების ბუმი იწყებოდა და ყველა კვლევითი ორგანიზაცია EV-ების მიმართულებით მზარდ ტენდენციაზე მიუთითებდა, თუმცა ეს პროგნოზები არ გამართლდა და 2026 წლის მიჯნაზეც კი ყველაზე დიდი მოთხოვნა შიდა წვის ძრავის მქონე და ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოდის.

