„ყველა გლეხს ვერ შევამოწმებთ, ვრჩებით ნდობის იმედად“ – რა უნდა გაითვალისწინოთ საახალწლოდ სურსათის შეძენისას
„ყველა გლეხს ვერ შევამოწმებთ, ვრჩებით ნდობის იმედად“ – რა უნდა გაითვალისწინოთ საახალწლოდ სურსათის შეძენისას„ყველა გლეხს ვერ შევამოწმებთ, ვრჩებით ნდობის იმედად“ – რა უნდა გაითვალისწინოთ საახალწლოდ სურსათის შეძენისას
„წინასაახალწლო პერიოდში ტემპერატურა საკმაოდ დაბალია, მაგრამ მარტო ტემპერატურა არ არის გადამწყვეტი პროდუქტის უვნებლობისთვის“, – ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“, სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, ირაკლი არაბულმა, განაცხადა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება მომხმარებლებმა საახალწლოდ სურსათის შეძენისას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია, რომელსაც მომხმარებელი შეიძენს, იყოს ეტიკეტირებული, დაცული იყოს მოვლისა და შენახვის წესები.
„ახლა იწყება კარგი პერიოდი – წინასაახალწლო მზადება, ამასთანავე არის ბევრი საყურადღებო ფაქტორი, იმ პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს სუფრაზე ახალ წელს მოხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ტემპერატურა საკმაოდ დაბალია, მაგრამ მარტო ტემპერატურა არ არის გადამწყვეტი პროდუქტის უვნებლობისა და ხარისხისთვის. შესაძლოა, ტემპერატურა იყოს დამაკმაყოფილებელი და ესა თუ ის პროდუქტი ძალიან ცივ გარემოში იდოს დახლზე, მაგრამ ამის გარდა არსებობს ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები, შეუფუთავი პროდუქტი შესაძლოა, დაბინძურდეს მტვრით, მიკრონაწილაკებითა და ა.შ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის მიკვლევადობა, სად და რა პირობებშია დამზადებული“, – დასძინა რესპონდენტმა.
ამ ნაწილში საუბრისას ირაკლი არაბულმა აღნიშნა, რომ პროდუქციის წარმომავლობასთან დაკავშირებული პროდუქტები ხშირია არაორგანიზებულ სავაჭრო სივრცეებში.
„საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერი პროდუქტი უნდა იყოს მიკვლევადი, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეეძლოს მაკონტროლებელ ორგანოს, რომ გავიდეს მის მწარმოებელზე ან იმპორტიორზე, რათა პირველწყარო შეამოწმოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს წესი დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ, მაინც ირღვევა კანონი ხშირ შემთხვევაში არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში, თუმცა, დარღვევები ფიქსირდება ორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებშიც. მიუხედავად ამისა, მალფუჭებადი პროდუქტებზე – ხორცი და ხორცპროდუქტები, ქათამი და ქათმის პროდუქტები, რძის და თევზის პროდუქტები – მკაცრია კონტროლი და ორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში წესების დარღვევავ იშვიათია, ეტიკეტი აქვს ყველა პროდუქტს, რაც განასხვავებს ორგანიზებულ და არაორგანიზებულ სავაჭრო სივრცეებში შეძენილ პროდუქტს ერთმანეთისგან.
წესად არის უკვე მიღებული, რომ წინასაახალწლო ვაჭრობების დროს სახელმწიფოც უშვებს, რომ ისეთ ადგილებში მოხდეს რეალიზაცია, სადაც ჩვეულებრივ დღეებში ვერ დადგება გამყიდველი. მაგალითად, ერთ-ერთი ბაზრის ჩასასვლელთან წინასაახალწლოდ გზა, სადაც სხვა დროს მანქანები მოძრაობენ, იკეტება და ხდება სურსათის რეალიზაცია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რა პროდუქციის რეალიზაცია ხდება ასეთ ადგილებში და როგორ არის დაცული პირობები. ყველა გლეხს ვერ შევამოწმებთ, ვერ ექნებათ შემოწმებული ესა თუ ის პროდუქცია და ვრჩებით მისი ნდობის იმედად, მაგრამ იმდენად გააფუჭეს სახელი არაკეთილსინდისიერმა ფერმერებმა, რომ რატომღაც ყველას ეჭვის თვალით ვუყურებთ და რთულია, ნამდვილად სანდო ადამიანი ვნახოთ, ვისაც მართლა ნატურალური პროდუქტი აქვს და არ გვატყუებს“, – განაცხადა ირაკლი არაბულმა.

