უცხოელი ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევა შემოდის
2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაზღვევა სავალდებულო ხდება. ახალი რეგულაციის მიხედვით საქართველოში შემოსვლისას ტურისტს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა. შემომავალი ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევის შემოტანა ტურიზმის შესახებ კანონითაა გაწერილი, დაზღვევის სქემა და პირობები კი, მთავრობის დადგენილებამ უნდა განსაზღვროს.
აქამდე უცხოელი ვიზიტორები საქართველოში შემოსვლისას სადაზღვევო პოლისებს ნებაყოფლობით ყიდულობდნენ, რაც განსაკუთრებულ პრობლემებს სამედიცინო სექტორს უქმნიდა. როგორც „ჯანდაცვის ასოციაციაში“ აცხადებენ, კლინიკები გადაუდებელი და უბედური შემთხვევისას უცხოელ პაციენტებს მომსახურებას გადაუდებელი წესით უწევდნენ. მათგან შესაბამისი ანაზღაურების მიღება, კი, უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელი იყო, რაც კლინიკებს მნიშვნელოვნად აზარალებდა.
ახალი მოთხოვნების ამოქმედების მოლოდინშია სადაზღვევო სექტორიც, რომელიც ახლა მთავრობის დადგენილებას ელოდება. სწორედ დადგენილებამ უნდა განსაზღვროს, რა სქემითა და პირობებით ამუშავდება ახალი სადაზღვევო რეგულაცია.
„სადაზღვევო ასოციაცია“ ორ შესაძლო ვერსიას განიხილავს:
მთავრობამ არ დააზუსტოს, ვინ დააზღვევს შემომავალ ტურიზმს და მხოლოდ საზღვარზე გადაამოწმოს, აქვთ თუ არა ტურისტებს შესაბამისი დოკუმენტაცია – ამ შემთხვევაში, მოლოდინია, რომ ყველაზე დიდ სარგებელს მეზობელი ქვეყნების სადაზღვევო ინდუსტრია მიიღებს, საიდანაც ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი შემოდის.
სადაზღვევო სექტორისთვის სასურველი ვერსია – ამ შემთხვევაში, პროცესი ისეთივე გზით წარიმართება, როგორც ეს არარეზიდენტი ავტომფლობელების შემთხვევაშია, და ვიზიტორებს ქართული სადაზღვევო კომპანიები დააზღვევენ. ამ შემთხვევაში, მოლოდინია, რომ სექტორის ბრუნვა დამატებით 100 მლნ ლარით გაიზრდება.
„ჯერ არ ვიცით, დადგენილებაში რას დაწერენ. ყველანი, როგორც საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრია, ისე, ჩვენი უცხოელი კოლეგები მოლოდინის რეჟიმში ვართ.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მთავრობა გადაწყვეტს, ეს დაზღვევა ქართულ სადაზღვევო კომპანიებს დაავალოს. ეს იქნება საუკეთესო, როგორც ჩვენი სამედიცინო სექტორისთვის, ასევე საერთოდ, ტურისტების მომსახურებისთვის.
არა მგონია, ეს რამე სირთულეს შეიძლება წარმოადგენდეს – მთავრობას პირდაპირ შეუძლია თქვას, რომ არსებობს ასეთი მოთხოვნა, რომელსაც ქართული სადაზღვევო კომპანიები განახორციელებენ და ამუშავდეს, პირობითად, პირველი აპრილიდან. თუ არ იმუშავა, ამის გაუქმებასაც არაფერი უდგას წინ. ეს ძალიან იოლი გასაკეთებელია და გამოცდილებაც დიდია იმ უცხოელების მაგალითზე, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, სწავლობენ და ა.შ. ასეთი პროდუქტების შეთავაზება საერთოდ არ არის პრობლემა. მე მივესალმებოდი იმას, საბოლოო ჯამში, საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიამ მიაწოდოს ეს მომსახურება ტურისტებს. ეს იქნება ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი“ – ამბობს BMG-სთან „საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი.
პროცესში ქართული სადაზღვევო კომპანიების როლს უსვამს ხაზს „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძეც.
“სწორი იქნება, თუ ვიზიტორები პოლისებს ქართული კომპანიებისგან შეიძენენ, შემოსვლამდე, ციფრული პლატფორმების საშუალებით, ან შემოსვლისას,” – ამბობს ჯაფარიძე BMG-სთან.
მისი თქმით, ეს, ერთი მხრივ, ადგილობრივი ბაზრის მხარდაჭერა იქნება, ხოლო, მეორე მხრივ, სადაზღვევო შემთხვევის მართვა მოხდება ქართული კომპანიის მიერ ქართულ კლინიკებში. “ეს ლოგიკა ბევრად უფრო გამართლებულია, რადგან მომკითხავი, ანუ სერვისის ორგანიზატორი, ქართული მხარე იქნება, რაც ნებისმიერი უწყებისთვის პროცესს გაამარტივებს,” – აღნიშნავს მიხეილ ჯაფარიძე.
მისივე თქმით, შერეული, უცხოური პოლისების შემთხვევაში გარკვეული სირთულეებია მოსალოდნელი, როგორიცაა პოლისის ავთენტურობის დადგენა, დაფარვების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან და სერვისის მიღების სისწრაფე.
“შეიძლება ქაღალდზე გვქონდეს დოკუმენტი, მაგრამ აღსრულების ნაწილში არაფერი შეიცვალოს, რადგან პოლისის მომკითხავი არავინ იყოს, ან პროცესი გართულდეს,” – ამბობს “არდის” დირექტორი.

