გურჯაანის სავიზიტო ბარათის – ,,ჯარისკაცის მამის“ ძეგლის მინი ვერსია
გიორგი ხევისპირელმა ,,ჯარისკაცის მამის“ მინი ვერსია დაამზადა. ამ დრომდე, მსგავსი ფიგურის შეძენა ხელმისაწვდომი არ იყო არც ადგილობრივებისთვის და არც ტურისტებისთვის.
იდეის ავტორი ამბობს რომ ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახდა და იდეის განხორციელებაც რეალური.
,,იდეა აღარც მახსოვს როდის მომივიდა. სულ მინდოდა, რომ მქონოდა პატარა ასლი ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ამის დამზადების ტექნიკური საშუალებები გაჩნდებოდა.
ბოლო დროს გაჩნდა 3D გამოსახულების ციფრული დამუშავების საშუალებები. 3D პრინტერები და 3D ბეჭვდაც უკვე გაიაფდა და ხელმისაწვდომიც გახდა ყველასთვის. ადრე ძალიან ძვირი ჯდებოდა გრაფიკაც და ბეჭდვაც“.
მისივე თქმით, ერთი ფიგურის დამზადებას საშუალოდ 5 საათი სჭირდება.
,,პლასტიკისგან მზადდება 3D პრინტერზე. ერთი ფიგურის დამზადებას საშუალოდ 4-5 საათი სჭირდება. მისი შეძენა შესაძლებელია გურჯაანში, მაღაზია “კომპასში”. ღირებულება კი, 10 დან 25 ლარამდე ზომის მიხედვით მერყეობს“.
თავდაპირველად ფიგურების თხევად პლასტიკს სილიკონისგან დამზადებულ ყალიბში ხელით ასხამდნენ, რაც დიდ ძალიასხმევას მოითხოვდა.
,,ვითხოვეთ ფიგურის თაბაშირის ვერსია, რომელიც აქვს ერთ კარგ ადამიანს, ის არის კომუნისტების დროს დამზადებული. ამის რამდენიმე ასლი ვერსია გავაკეთე, მაგრამ მაინც ქონდა დეფექტები და არც სახის დეტალიზაცია მოგვწონდა.
ამის შემდეგ დაგვეხმარა ფრიდონ სიმონიშვილი. დრონით გადავუღეთ ,,ჯარისკაცის მამას“ სახეს ახლოდან და ამ ვიდეოსა და რამდენიმე ფოტოს დახმარებით შეიქმნა ციფრული ვერსია. ფრიდონს მინდა მადლობა გადავუხადო. ესაა ჩვენი მესამე მცდელობა, მაგრამ მაინც ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, გარკვეულ დეტალებს კიდევ შევასწორებთ“.
იდეის ავტორი ამბობს რომ ამ დროისთვის 150 ფიგურაა დამზადებული.
,,150 ცალზე მეტი გვექნება დამზადებული, მოთხოვნა არის. ზოგს კი, მანქანის სარკეზე დასაკიდად ან ბრელოკად უნდა და ვეცდებით, ეგ ვერსიებიც დავამზადოთ.
სამომავლოდ, მინდა ბრინჯაოს ან თითბერის ვერსიები, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდება. ეს რამდენად მოხერხდება არვიცი, პრესფორმის დამზადებას ბევრი ფული სჭირდება, ლითონის დნობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ეს თუ მოხერხდა, იქნება ძვირფასი სუვენირი, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს“.
გიორგის სამომავლო გეგმები ბევრი აქვს. ამბობს, რომ აპირებს სხვა მინი ფიგურების დამზადებასაც.
,,მომავალში გვინდა ერეკლეს ძეგლის, პაპა და შვილიშვილის ძეგლის, ასევე ტაძრებისა და სხვა მინიატურული ვერსიების დამზადება“.

