რადიო თავისუფლება- საქართველოში კვერცხის დეფიციტია, ქვეყანა ქათმის გრიპის აფეთქების ზღვარზეა
ბოლო ხანს უბნის მაღაზიაში ქათმის კვერცხი ვერ იყიდეთ? ეს მარტო თქვენთან არ ხდება – რამდენიმე კვირაა, საქართველოს ქსელურ მარკეტებში კვერცხის მარაგს შეფერხებებით ავსებენ. გავარკვიეთ, რომ კვერცხის დანაკლისის მიზეზი ფრინველის გრიპია.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ვირუსი ქართული მეფრინველეობის მსხვილი ფერმების დიდ ნაწილს უკვე მოედო. სურსათის ეროვნული სააგენტო ამ დრომდე დუმს, საჯაროდ საუბარს ფერმერებიც ერიდებიან.
დავადგინეთ, რომ ფრინველის გრიპი H9N2, რომელიც ახლაა გავრცელებული, დაბალ პათოგენურია (LPAI – Low Pathogenic Avian Influenza) – ფრინველიდან ადამიანზე უკიდურესად იშვიათად გადადის და მეტწილად მსუბუქად მიმდინარეობს. ამ შტამის ვირუსს ფრინველებში არ აქვს მაღალი სიკვდილიანობა, თუმცა, თუ ვირუსს თან დაერთო ბაქტერიული ინფექციები, სიკვდილიანობა იზრდება, რადგანაც ვირუსი ქათმების იმუნურ სისტემას ასუსტებს.
ქათმის ფერმებს დიდი ზიანს აყენებს ისიც, რომ H9N2 დრამატულად, ზოგჯერ 40%-მდეც კი ამცირებს კვერცხის დებას, და აუარესებს კვერცხის ხარისხს.
H9N2 ფრინველის გრიპის ნაკლებ საშიში და ყველაზე გავრცელებული შტამია მსოფლიოში. მას ეკონომიკურ ვირუსსაც უწოდებენ, დიდი ზიანის გამო.
არაერთი წყარო რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ ქსელურ მარკეტებში კვერცხის დეფიციტი მსხვილ ადგილობრივ ფერმებში ფრინველის გრიპის გამო კვერცხდების შემცირებამ გამოიწვია და ახლა მეწარმეები დანაკლისის შევსებას იმპორტით ცდილობენ – კვერცხის დამატებითი პარტია უკვე შემოვიდა თურქეთიდან და სომხეთიდან.
საქართველოში კვერცხის ბაზარი თითქმის მთლიანად – 96% – ადგილობრივად წარმოებულ კვერცხს უკავია. ქართველი ფერმერები წელიწადში დაახლოებით 670 მილიონ კვერცხს აწარმოებენ, ერთი მოქალაქე კი საშუალოდ 173 ცალ კვერცხს ჭამს, ანუ ორ დღეში 1 ცალს მაინც.
ფრინველის გრიპი აღმოსავლეთ საქართველოს ფერმების აბსოლუტურ უმრავლესობაშია მოდებული, რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა დასავლეთ საქართველოშიც.
“სადღაც რაღაცა შეიძლება არის, მაგრამ ისეთი, – როგორც დაცემები და, არიქა, კატასტროფა, – არავის ხმამაღლა არ უთქვია. სწორედ გამიგეთ, რაც ვიცი, იმას ვიძახი…“
რადიო თავისუფლება ესაუბრა ფერმერებს, ვეტერინარებს, წყაროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში – ყველა ერთხმად ადასტურებს, რომ ქვეყანა ქათმის გრიპის აფეთქების ზღვარზეა. მიუხედავად ამისა, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ფრინველის გრიპის შესახებ ამ დრომდე საჯაროდ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
“რა ფრინველის გრიპი, ფრინველის გრიპი რომ საქართველოში იყოს, ქათმების გატანას ვერ აუხვიდოდით”, – ასე უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას, სააგენტოს წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას. წერილობით გაგზავნილ დეტალურ კითხვებზე კი პასუხად მივიღეთ, რომ გრიპის შემთხვევები არ არის რეგისტრირებული.

