საია- მზია ამაღლობელს თვალის გამოკვლევები სპეციალიზებულ კლინიკაში მიმდინარე კვირაში ჩაუტარდება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მიმდინარე კვირაში ციხის ადმინისტრაცია გეგმავს ჟურნალისტისა და სახაროვის პრემიით დაჯილდოებული მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის თვალის გამოკვლევებს იმ კლინიკაში, რომელიც თავად პატიმარმა აირჩია.
საიას ცნობით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გახმოვანდა, რომ 11 თვეა უკანონო პატიმრობაში მყოფ მზიას მხედველობა საგანგაშოდ გაუარესდა, თუმცა მაღალტექნოლოგიური კვლევები დღემდე არ ჩაუტარდებოდა მიუხედავად ექიმებისა და ადვოკატის არაერთი მოთხოვნისა.
ორგანიზაციამ დღეს გაასაჯაროვა მზია ამაღლობელის სამედიცინო ისტორიის ამონარიდი, რომელიც ადასტურებს, რომ თვალის მდგომარეობა საპატიმროში მკვეთრად გაუარესდა.
ამაღლობელმა ადრეც მიმართა ციხის ადმინისტრაციას წერილით, სადაც განმარტავდა, რომ პროვაიდერ კლინიკა „მზერას“:
არ აქვს შესაბამისი თანამედროვე აპარატურა,
ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან დიაგნოსტიკას,
მის რეკომენდაციებში დარჩა უპასუხო კითხვები თვალის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით.
„მხოლოდ ერთ თვალში შემომრჩა ისეთი ხარისხის მხედველობა, რომელიც საშუალებას მაძლევს, სათვალით მაინც ვკითხულობდე. ამიტომ ვალდებული ვარ, ვიყო ფრთხილი და კვლევა ჩავიტარო იქ, სადაც თანამედროვე აპარატურა და კერატოკონუსის მკურნალობის გამოცდილება აქვთ,“ – წერს მზია ამაღლობელი.
მისი და ადვოკატის მოთხოვნა იყო გამოკვლევის ჩატარება „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ ან „კავკასიის სამედიცინო ცენტრში“, სადაც წინა კვლევების ისტორია ინახება და მონაცემების შედარება შესაძლებელია.
საია ახლა ადასტურებს, რომ პროცესი მიმდინარე კვირაში უკვე დაიგეგმა.

