ახალი ამბები

თუშეთამდე მისასვლელი გზის კიდევ ერთ მონაკვეთზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ცნობილია

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ21.5 – კმ25.5 მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ცნობილია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ – შპს „დინ გრუპმა“ მიიღო მონაწილეობა. ამჟამად კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.

დეპარტამენტს შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ღირებულებად 20 380 200 ლარი ჰქონდა წარმოდგენილი, „დინ გრუპმა“ კი სამუშაოების შესრულების ფასად 19 245 013 ლარი დაასახელა.

რაც შეეხება პროექტს, ლოტი 2-ზე შესასრულებელი სამუშაოები ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის შესაძლებლობის ფარგლებში გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.

შპს „დინ გრუპი“ სამეწარმეო რეესტრში 2014 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის წილების 75%-ს ნიკოლოზ ეპიტაშვილი, ხოლო 25%-ს ვახტანგ ამაშუკელი ფლობს.

ცნობისთვის, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების ღონისძიებების სამუშაოები დაყოფილია 8 ლოტად, საიდანაც 7 ლოტზე უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები და მიმდინარეობს სამუშაოები. II ლოტზე, ტენდერის დასრულების და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აღნიშნული გზის რვავე მონაკვეთზე იქნება ხელშეკრულება გაფორმებული.

ინფორმაციისთვის, თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება. თუშეთის გზა, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. ეს გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.