ახალი ამბები

პარლამენტმა ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმებასა და “საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

შესაბამისი კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი 76 ხმით, ერთხმად – პირველი მოსმენით მიიღეს.

ცვლილებების თანახმად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენის და მისი მოადგილეების თანამდებობები უქმდება, ბიზნესომბუდსმენის აპარატი კი ლიკვიდირებული იქნება.

ბიზნესომბუდსმენი საქმიანობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.

როგორც საკითხის განხილვისას პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, ბიზნესსაქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ასევე ფინანსთა სამინისტროში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ამასთანავე, ანალოგიურ საქმიანობას მარეგულირებელი კომისიები და ბიზნეს ასოციაციებიც ახორციელებენ. შესაბამისად, ბერეკაშვილის თქმით, დღის წესრიგში დადგა ცალკე ინსტიტუტის – ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმების საკითხი.