ახალი ამბები

სოფელ ტიბაანში მოქმედი კომპანია.„ბუტრანა“ წარმადობის 50%-ით ზრდას გეგმავს

სოფელ ტიბაანში მდებარე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა ,,ბუტრანა” გაფართოებას გეგმავს.

როგორც „ბუტრანას“ დამფუძნებელი, ჯემალ ხატიაშვილი ამბობს, რამდენიმე დღეში ფერმას 25 ერთეული Fleckvieh-ის ჯიშის ძროხა შეემატება, რაც ფერმის რძის წარმადობას 50%-ით გაზრდის.

„ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ ნედლი რძის რეალიზაციას ვაკეთებთ. ხელშეკრულება გვაქვს სხვა საწარმოსთან და მას ვაწვდით ნედლეულს. რაც შეეხება ფერმის გაფართოებას, სიახლე გვაქვს ის, რომ ავსტრიიდან რამდენიმე დღეში შემოვა ჩვენს ფერმაში Fleckvieh-ის ჯიშის ძროხები („სიმენტალი“). დღეისათვის ჩვენი ფერმა დაახლოებით 70 სულს აერთიანებს და მალე ავალთ 100 სულამდე.

გეტყვით, რომ „სიმენტალის“ ჯიშის ძროხები, რომელიც ახლა შემოგვყავს, გამოირჩევიან რძის მაღალი ხარისხით და ფერმის წარმადობა 50%-ით გაიზრდება,“ – განმარტავს ჯემალ ხატიაშვილი.

მისივე განმარტებით, დღეისათვის ბაზარზე 1 ლიტრი ნედლი რძის ფასი 2 ლარია.

აღსანიშნავია, რომ „ბუტრანა“ ნედლ რძეს რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია „ლეანკას“ აწვდის. „ბუტრანა“ ამ ეტაპზე რძის პროდუქტების საკუთარი წარმოების განახლებას არ გეგმავს, თუმცა მის სამომავლო გეგმებში შედის.

შეგახსენებთ, „ბუტრანამ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა 2022 წლის აპრილში გახსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 მილიონი ლარია.