ახალი ამბები

ნათლისმცემლის კოშკი-სვეტი სოფელ ქისტაურში

კოშკი-სვეტი, რომელიც მესვეტის საცხოვრებელი უნდა იყოს, სამსართულიანია (5.6×5.5 მ, სიმ. 11.5 მ), ზემოთკენ შევიწროებულია. დგას ნათლისმცემლის ეკლესიის აღმ-ით. ნაგებია რიყის ქვით, ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. ფასადის მხარეს წყობას ბათქაში აქვს გადასმული. კოშკის ყოველ სართულზე თითო ოთახია. შესასვლელი II სართულზეა. I სართული- საკუჭნაო- შემაღლებული პროპორციების ყრუკედლებიანი სათავსია. გადახურულია ნახევარსფერული კამარით. II სართულიც უსარკმელო ბნელი ოთახია. გადახურულია ამორფული ფორმის სხმული კამარით. კამარის სამხრ. ნაწილში III სართულზე ასაძვრომი სწორკუთხა ხვრელია. III სართული საცხოვრებელია. სამხრ. კედლის აღმ. ნაწილში, იატაკის დონეზე, საპირფარეშოს ხვრელია. ოთახს ნახევარცილინდრული სხმული კამარა ხურავს. კოშკის შირიმის ლავგარდნის პროფილს შეადგენს თარო, შეზნექილი მრუდხაზოვანი ზედაპირი და ლილვი. ორფერდა სახურავის კეხის დას. კიდეში დადგმულია შირიმის ქვის ჯვარი. კოშკი გადახურული ყოფილა ქვის ფილებით. ეკლესიასა და კოშკს შემოვლებული აქვს რიყის ქვით ნაგები წრიული გალავანი.

ფოტო: ზვიად თურმანიძე