ახალი ამბები

გზის გადაკეტვისთვის პატიმრობით დასჯის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გაუქმდეს – ODIHR

ODIHR-მა გადაუდებელ მოსაზრება გამოაქვეყნა “ოცნების” მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე მოქმედებს.

კერძოდ, საუბარია ოქტომბერში დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. იგივე ქმედების განმეორება კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია.

ODIHR-ის თანახმად, ეს ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და უნდა გაუქმდეს.

დოკუმენტის თანახმად, სისხლის სამართლის სასჯელის დაკისრება ისეთი ქმედების საპასუხოდ, რომელიც შეიძლება იყოს ლეგიტიმური და კანონიერი საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გამოიწვევს თავისუფლების თვითნებურ აღკვეთას, რაც დაარღვევს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-9 მუხლს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ სერიოზულ შეშფოთებაზე, რომელიც ადრე გამოთქვეს ODIHR-მა, საერთაშორისო და რეგიონულმა ორგანიზაციებმა, დამკვირვებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა ამ და ადრინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით – კერძოდ, იმ ინიციატივებთან დაკავშირებით, რომლებიც ზედმეტად ზღუდავენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს, ასევე ბოლო თვეებში მშვიდობიანი მომიტინგეების, ადამიანის უფლებათა დამცველების და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაკავებას შეკრებებში მშვიდობიანი მონაწილეობის გამო, რაც აშკარად არღვევს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებს.