თელავში მცხოვრებლები- ქალაქში შუქნიშნები მოუწესრიგებელია
ქალაქ თელავის მოსახლეობა შუქნიშნების მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით, შუქნიშნები ძირითადად დამონტაჟებულია ცენტრალურ და მანქანებით დატვირთულ გზებზე, თუმცა გაუმართავია.
ადგილობრივების თქმით, შუქნიშნებზე ფეხით მოსიარულეთა და ავტომობილების გადაადგილების მაჩვენებელი ერთდროულად ინთება, რის გამოც, მათ მანქანების კოლონის მოძრაობასთან ერთად უწევთ გზის გადაკვეთა. მოსახლეობის განმარტებით, ხშირია აღნიშნული პრობლემის გამო ავარიებიც. მოქალაქეების თქმით, წლებია აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
აღნიშნულ ფაქტს ადგილობრივები სოციალურ ქსელშიც აქტიურად ეხმაურებიან და შუქნიშნების სისტემის გამართულად მუშაობას ითხოვენ.
,,აღმაშენებლის გამზირზე შუქნიშანს იქნებ ვინმემ მიხედოს, სანამ უბედურება დატრიალებულა. როგორ შეიძლება ქვეითის და ავტომობილის გადაადგილების მაჩვენებელი ერთდროულად აინთოს? ელოდები შენ გზას როდის აინთება მწვანე მაგრამ, ამ დროს გამორბის ავტომობილი და ასე მანქანების ნაკადში გვიწევს გადაადგილება. უკვე ორჯერ გადავურჩი სიკვდილს”,- წერს ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში და აცხადებს, რომ საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს.
თელავში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ შუქნიშნებთან ხშირია ავარიების შემთხვევები. თელავის მკვიდრი თამარ რაიბული აცხადებს, რომ სწორედ შუქნიშანთან, მის მანქანას უკან მომავალი მძღოლი მაშინ დაეჯახა, როცა გადასასვლელზე ფეხით მოსიარულეს დაუთმო გზა. გარდა ამისა, ადგილობრივები ასევე განმარტავენ, რომ ხშირია შემთხვევები, როცა გზის გადაჭრის დროს მანქანები ფეხით მოსიარულეებს ეჯახებიან.
,,ზუსტად შუქნიშანთან იყო, მანქანა შევაჩერე, რადგან ქვეითის ენთო და თან ბავშვები გადადიოდნენ. ტაქსი დაეჯახა ჩემ მანქანას. მერე ჩხუბი დამიწყო რატომ გაჩერდიო”,- აცხადებს თამარ რაიბული.
,,ერთადერთია ასეთი გადასასვლელები, სადაც ძალიან გვეშინია გადაადგილების. მართლა ვერ ვიგებთ როგორ ვიმოძრავოთ. ქვეითის ნიშანი ანთია და თან მანქანები მორბიან. თელავში ყველა ზებრა გადასასვლელთან შუქნიშანი უაზროდ მუშაობს, ვერ გაიგებს ადამიანი როდის უნდა გადავიდეს. გზაზე გადასვლის გვეშინია”,– აცხადებენ თელავში მცხოვრებლები.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ თელავში შუქნიშნები რამდენიმე ადგილას არის დამონტაჟებული. მისი მიზანი, მანქანებისგან გადავსებული გზების განტვირთვაა.