ახალი ამბები

ხშირად მუნი ალერგიულ დაავადებებში ერევათ – დერმატო-ვენეროლოგი

მუნის შემთხვევების მატების ფონზე, დერმატო-ვენეროლოგი, ლიკა ბარელიძე ამბობს, რომ თითქმის ყველა პაციენტი, რომელიც მუნის ინფიცირებით ექიმთან მიდის, მანამდე ალერგიულ დაავადებებზეა ნამკურნალები.

მისი თქმით, დაავადება ხშირად ერევათ ალერგიულ გამონაყარში, რის გამოც პაციენტები თავდაპირველად არასწორად მკურნალობენ.

„ძალიან ხშირად მუნი ერევათ ალერგიულ დაავადებებში და პაციენტები ანტიალერგიულ მკურნალობას იწყებენ, მაშინაც კი, როცა გამონაყარი უკვე თვალსაჩინოა. ჩვენს კლინიკაში მოსული თითქმის ყველა პაციენტი ნამკურნალებია ალერგიაზე და უამრავი ანტიჰისტამინი აქვს მიღებული“,.

როგორც სპეციალისტი BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განმარტავს, მუნი არის პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევს მუნის ტკიპა. ის კანში აღწევს, მრავლდება და იწვევს ძლიერ ქავილსა და გამონაყარს – ძირითადად თითებს შორის, მაჯებზე, იდაყვებზე, წელის არეში, მკერდზე და ა.შ.

„მუნის გამონაყარს ახასიათებს ღამის ქავილი, რადგან ტკიპა სითბოში აქტიურდება და სწორედ ღამით დებს კვერცხებს კანქვეშ“.

ლიკა ბარელიძის თქმით, მუნი ადამიანიდან ადამიანზე მჭიდრო კანის კონტაქტით, ასევე ტანსაცმლით, პირსახოცით, თეთრეულით ან რბილი სათამაშოებით გადადის.

„მუნის დროს, რაც არ უნდა დიდი რაოდენობით ანტიალერგიული საშუალებები მიიღოს პაციენტმა, ქავილი არ წყნარდება. სწორედ ეს არის განსხვავება ალერგიასა და მუნს შორის“,.

მისივე თქმით, მკურნალობა რთული არ არის და ერთ კვირაში შედეგის მიღწევა შესაძლებელია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება დეზინფექციის პროცესს – ოჯახის ყველა წევრმა ან ახლო კონტაქტმა უნდა ჩაიტაროს მკურნალობა, რათა თავიდან აიცილონ ხელახალი გადადება.

პრევენციის მიზნით, ბარელიძე საზოგადოებას ჰიგიენის დაცვისკენ და პირადი ნივთების გაზიარების თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.