საია: ვენეციის კომისია სტრასბურგის სასამართლოში “რუსული კანონის” საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო და წერილობითი პოზიცია წარადგინა
საია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია სტრასბურგის სასამართლოში “რუსული კანონის” საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო და სასამართლოს თავისი წერილობითი მოსაზრება წარუდგინა.
საიას განცხადების მიხედვით, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მან უკვე შეაფასა აღნიშნული კანონმდებლობა და დაადგინა, რომ მოქმედი რეგულაციები შეუსაბამოა დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან. კომისიის შეფასებით, ტერმინები „უცხოური ძალა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ ზედმეტად ფართო და ბუნდოვანია, ხოლო იუსტიციის სამინისტროს ენიჭება გადაჭარბებული დისკრეციული უფლებამოსილება, მოითხოვოს პირადი მონაცემების გამჟღავნება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
ვენეციის კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, გრანტებისა და ფინანსური ანგარიშგების სხვა რეგულაციებთან ერთად, აწესებს გადაჭარბებულ ვალდებულებებს და მძიმე სანქციებს, რაც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელ საქმიანობას.

