“მოსავლის მართვის კომპანიის სუბსიდია” 75 მილიონ ლარამდე იზრდება – განკარგულება
“ქართული ოცნების” მთავრობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ “მოსავლის მართვის კომპანიას” სუბსიდიის მოცულობა გაუზარდა. დაფინანსება რთველის ფარგლებში ყურძნის შესყიდვისთვის არის განკუთვნილი.
bm.ge-ს ინფორმაციით, როგორც განკარგულებაში არის აღნიშნული, 30 სექტემბრის განკარგულებით ცვლილება შევიდა 2025 წლის 27 აგვისტოს განკარგულებაში, რომლითაც “მოსავლის მართვის კომპანიას” რთველის ფარგლებში 50 მილიონი ლარის სუბსიდია ეძლეოდა, ახალი განკარგულებით სუბსიდიის თანხა 75 მილიონ ლარამდე იზრდება.
აღნიშნული სუბსიდია მიმართულია რთველის ფარგლებში სახელმწიფო კომპანია მევენახეებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.5 ლარად, რქაწითელსა და სხვა ჯიშის ყურძენს კი 1.2 ლარად იბარებს.
თავის მხრივ, მოსავლის მართვის კომპანია მევენახეებისგან ყურძნის შესყიდვაზე და მისგან ღვინო-მასალისა და საბრენდე სპირტის გამოხდაზე 100 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. აგვისტოში კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 50 მილიონი ლარის შესყიდვაზე მიიღო ნებართვა, 22 სექტემბერს კი კომპანიამ დამატებით 50 მილიონი ლარის შესყიდვის ნებართვის მისაღებად წარადგინა განცხადება, რომელზეც თანხმობა ჯერჯერობით გაცემული არაა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე რთველის ფარგლებში ღვინის კომპანიებმა უკვე 214,000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს კახეთში და 120 ტონა რაჭაში.

