ახალი ამბები

მომხმარებლების 70% ადგილობრივები არიან – “ნეკრესის მამული”

კახეთში მდებარე ტურისტული ობიექტის „ნეკრესის მამულის“ მომხმარებელთა დაახლოებით 70% ადგილობრივი მოსახლეობაა. ამის შესახებ ობიექტის დამფუძნებელმა, ოთარ ტაბატაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ტურისტული ნაკადების შემცირების ფონზე, ვიზიტორთა დიდი ნაწილი ადგილობრივია. ამასთან, ტაბატაძე ამბობს, რომ ერთი შეხედვით უცხოელი სტუმრები, ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი რეზიდენტები არიან, რომელთან სამომხმარებლო კალათა ქართველი მოსახლეობის თითქმის ანალოგიური აქვთ.

„ვინაიდან ტურისტების ნაკადი შემცირებულია ქვეყანაში, ჩვენი მომხმარებელი ძირითადად ქართველია. რეალურად, ის ადამიანები, ვინც ტურისტები გვგონია, ხშირ შემთხვევაში აქ მყოფი რეზიდენტები არიან. ისინიც ისე ცხოვრობენ, როგორც ქართველები და მათი სამომხმარებლო კალათა არ განსხვავდება ადგილობრივებისგან. შესაბამისად, დაახლოებით 70% მაინც ადგილობრივ მომხმარებლად შეიძლება ჩაითვალოს“, – აღნიშნა ტაბატაძემ.

მისი თქმით, ობიექტზე ყველაზე აქტიური დღეები პარასკევი, შაბათი და კვირაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კახეთი ბევრისთვის შაბათ-კვირის დასასვენებელ ადგილად იქცა. ამ ეტაპზე „ნეკრესის მამულში“ 25 ადამიანია დასაქმებული, ხოლო კომპლექსის გაფართოების შემდეგ, სავარაუდოდ პერსონალის რაოდენობის გაზრდაც არ არის გამორიცხული.

ინფორმაციისთვის, ამ დროისათვის “ნეკრესის მამულის” კომპლექსი 23 ნომერს, აუზს, სპა ცენტრსა და საკუთარ მეღვინეობას აერთიანებს.