ახალი ამბები

წინანდალში ირაკლი გამრეკელის ოცამდე ნამუშევარი გამოიფინა

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მხატვრის, ირაკლი გამრეკელის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია, რომელიც რუსთაველის ეროვნული თეატრის კოლექციიდან შერჩეულ ოცამდე ნამუშევარს აერთიანებს, ხელოვანის 130 წლის იუბილეს ეძღვნება.

მაია კოკოჩაშვილი – წინანდლის მუზეუმის დირექტორი:

“წინანდალში შემოდგომის სეზონი ირაკლი გამრეკელის გამოფენით გაიხსნა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დიდი სცენოგრაფის, ქართული თეატრის სცენოგრაფიის ფუძემდებლის შემოქმედება მუზეუმის საგამოფენო სივრცეში პირველად გამოიფინა. ექსპოზიცია, რომელიც 20-მდე ნამუშევარს , მათ შორის მაკეტებს მოიცავს, მუზეუმის სტუმარს უფრო ახლოს გააცნობს მის შემოქმედებას.”

გამრეკელი აღიარებულია როგორც ქართული სცენოგრაფიის რეფორმატორი. ის თანამშრომლობდა კოტე მარჯანიშვილთან და სანდრო ახმეტელთან, ქმნიდა ფუტურისტულ და კონსტრუქტივისტულ დადგმებს, იყო ჟურნალების H2SO4 და მემარცხენეობა დიზაინერი და მრავალი ცნობილი წიგნის ილუსტრატორი. მხატვარ ვალერიან სიდამონ-ერისთავთან ერთად მონაწილეობდა კოტე მიქაბერიძის კინოსურათის ჩემი ბებია (1928) შექმნაში, რომელიც თავისი ექსპრესიონისტული სტილით დღემდე უნიკალურ ნიმუშად მიიჩნევა.